შალვა ნათელაშვილი - ვერ ვხედავთ, რომ ევროპას აინტერესებს ქართველი ხალხი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპას უფრო ტერიტორია აინტერესებს და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მართავს ამ ტერიტორიას
მე ევროპელი პარტნიორების უკმაყოფილო ვარ. ევროპამ, პოლიტიკურმა ელიტამ, ჩვენმა მოკავშირემ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ჭეშმარიტება რომ ე.წ. ელიტებს კი არ უნდა დაეყრდნონ საქართველოში, არამედ უნდა დაეყრდნონ ქართველ ხალს და საზოგადოებას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ევროპა ბიძინა ივანიშვილისკენაა.
„დღეს სამწუხაროდ, ევროკავშირისგან და ევროპისგან ვისმენთ ასეთ ნელთბილ კომენტარებს, რომელიც არც იქითაა, არც აქეთაა და უფრო ხშირად ოლიგარქისა და ივანიშვილის მხარესაა. მე მოვუწოდებ ევროპის პოლიტიკურ ელიტას, საფრანგეთის ხელმძღვანელობას, შეუწყვიტეთ ნაყიდი მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს, გაუუქმეთ ორდენი საპატიო ლეგიონერისა, რომელითაც ორი კვირის წინ დააჯილდოეთ, რადგან მან საფრანგეთის კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში, აქედან მოპარული ასეულობით მილიონი გადმოგირიცხათ და ქართველი ხალხი დატოვა აცრის გარეშე, ვაქცინის გარეშე.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო დაიშალა.
„დღეს, სამწუხაროდ ვერ ვხედავთ, რომ ევროპას აინტერესებს ქართველი ხალხი. მრჩება შთაბეჭდილება რომ ევროპას უფრო ტერიტორია აინტერესებს და მნიშვნელობა არ აქვს მისთვის, ვინ მართავს ამ ტერიტორიას, თუნდაც უზნეო მეთოდებით, თუნდაც გაყალბებული არჩევნებით, რახან კი მართავს ე.ი. მას უჭერენ მხარს. ეს პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო დაიშალა, საქართველო გაყო პუტინმა სამ ნაწილად, ფაქტობრივად, ევროპული ორიენტაციის გამო, იმის გამო, რომ ჩვენ არ ვუღალატეთ დასავლურ მოკავშირეობას, მათ გამო დაგვემართა ეს, რაც დაგვემართა და ამისთვის უნდა ელემენტარული თანადგომა ვიგრძნოთ. ეს არის დანაშაულებრივი მოწოდება და ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხება. აბა, მათ ბატონებს გაუკეთონ იგივე, რაც ჩვენ დაგვემართა, პუტინმა გაუგზავნოს თავისი ოლიგარქი პრეზიდენტად, მეფედ და პრემიერად, მერე ამ ოლიგარქმა მოიპაროს იმ ქვეყნის ბიუჯეტი და სახლში წაიღოს, არჩევნებიც გააყალბოს და ის პოლიტიკოსები, ევროპელები, ახლა რომ ბევრს ლაპარაკობენ, რა ხასიათზე იქნებიან, ვნახავთ და იმასაც ვნახავთ, ხალხის რისხვაც როგორ წალეკავს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.