შალვა ნათელაშვილი - ვანო მერაბიშვილის საუბარს ცოტა მძიმედ აღვიქვამ გარკვეული მიზეზების გამო და არ ვიცი, რას გულისხმობდა დღევანდელ განცხადებაში
ვანო მერაბიშვილს საუბარს ცოტა მძიმედ აღვიქვამ, გარკვეული მიზეზების გამო და არ ვიცი, რას გულისხმობდა დღევანდელ განცხადებაში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის განცხადება არ მოუსმენია.
„ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა რეალობაში ვართ. ფორმატი, რომელიც მუშაობს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისი გახლავთ მრავალპარტიული ასამბლეა სრულიად საქართველოსი. არ ვიცი ვანო მერაბიშვილი რომელ პარტიაში გაწევრიანდება და სად გააგრძელებს ე.წ. ოპოზიციურ საქმიანობას. შეიძლება ისეთ პარტიაში გაწევრიანდეს, რომელიც მოლაპარაკებებში არ არის წარმოდგენილი. ამის თაობაზე მე არც საქმის კურსში ვარ და არც მქონია დრო დავინტერესებულიყავი. ბატონი ვანო არ გახლავთ პოლიტიკური პარტიის ლიდერი ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.
როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.