შალვა ნათელაშვილი - სენატის საგარეო კომიტეტის მოწოდება არის არასწორი, მცდარი, საქართველოსადმი არამეგობრული
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ არასწორია სენატის საგარეო კომიტეტის მოწოდება, რომ საქართველოში ყველა პარტიამ შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება სწრაფად შეასრულონ.
მისივე თქმით, მიშელის დოკუმენტი სამარცხვინო გახდა.
„ეს დოკუმენტი უკვე გახდა სამარცხვინო, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს დასავლეთელ მოკავშირეებს თავზე გადაახია იქ აღებული ვალდებულებები. დანიშნა მოსამართლეები, საარჩევნო კომისია დატოვა იგივე და უარესი, აკრძალა „ლეიბორისტული პარტია“, გაამკაცრა მშვიდობიან აქციებში მონაწილეობის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული კრიტერიუმები და განაახლა სასამართლო პროცესები, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით კატეგორიულად იკრძალება. ახლა ისევ ჩვენ უნდა მოვაწეროთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ქაღალდის ნაგლეჯად გადაიქცა? თუ აშშ-მა უნდა იმოქმედოს, დაადოს სანქციები ივანიშვილს და მის კამარილიას, რომ მათ არ შეასრულეს ვალდებულებები. სენატის საგარეო კომიტეტის აღნიშნული მოწოდება არის არასწორი, მცდარი, საქართველოსადმი არამეგობრული და ოლიგარქის დამცავი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება სწრაფად შეასრულონ.