შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ იძულებითი შრომა მონობის ტოლფასია და ამიტომაც მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა სარჩელი ჩემთვის სადეპუტატო უფლემოსოლების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც საქართველოს უკანანო ე.წ. პარლამენტმა რამდენიმე ხნის წინ უარი გვითხრა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოელ მეგობრებს უნდა მისცენ დახმარების გაწევის საშუალება, ამიტომ, როგორც ნათელაშვილი ამბობს, დახმარება ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს თანამეგობრობა დაინახავს ქართველი ხალხის შეუდრეკლობასა და მათ ქუჩაში მოძრაობას.
ამასთან, ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ უარი უნდა თქვას პარლამენტში მოღვაწეობაზე და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხი კატეგორიულად დასვას.
„სენატის განცხადების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანე სარჩელი და მოვითხოვე სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, რადგან სენატს და ჩვენს უცხოელ მეგობრებს გვერდში უნდა დავუდგეთ, როდესაც ისინი გვიცხადებენ ასეთ მხარდაჭერას. მივცეთ იმის საშუალება, რომ უფრო ეფექტურად დაგვეხმარონ. ეფექტური დახმარება იქნება მაშინ, როცა დაინახავს მსოფლიოს თანამეგობრობა ქართველი ხალხის შეუდრეკლობას, მათ ქუჩაში მოძრაობას. ასევე დაინახავს, რომ დეპუტატებს ოპოზიციიდან არ აინტერესებთ გაყალბებული პარლამენტის სადეპუტატო მანდატი.
დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა სარჩელი ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც საქართველოს უკანონო ე.წ. პარლამენტმა რამდენიმე ხნის წინ უარი გვითხრა. ეს ცოდვით და ქართველი ხალხის უბედურებით, ძალადობით, ყაჩაღობით, დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვით შექმნილი ვაი საკანონმდებლო ორგანო არ უნდა დარჩეს ასპარეზზე და ის უნდა დაიშალოს. აღებული ხელფასები და მილიონები უკან უნდა დააბრუნონ იმ მილიონრებმა, რომლებიც იქ შევიდნენ ნდობის ბოროტად გამოყენებით და გაყალბებით. ჩვენც, ოპოზიციამაც უარი უნდა ვთქვათ პარლამენტში მოღვაწეობაზე და კატეგორიულად დავსვათ საკითხი, რომ გამოსავალია ახალი არჩევნები, დემოკრატიული, მრავალპარტიული კოალიცური მთავრობა, ასევე ქვეყნის გადარჩენა და ჩვენი ცივილაზიის გაყვანა იმ მსოფლიო განვითარებაში, სადაც ჩვენ ჩვენი კანონიერი ადგილი ყოველთვის გვქონდა, გვაქვს და გვექნება. ჩვენ მას დავიბრუნებთ, ვინც არ უნდა შეეცადოს ამის წართმევას.
როგორც მოგეხსენებათ, იძულებითი შრომა აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით, მათ შორის კონსტიტუციით და ითვლება მონობის ნაირსახეობად. როდესაც შენ წერ განცხადებას, რომ არ გინდა სადმე მუშაობა, მით უმეტეს უარს ამბობ პარლამენტის წევრობაზე და ამაზე გეუბნებიან უარს, არ გიკმაყოფილებენ, ეს არის ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იძულებითი შრომა, რომელიც ეწინააღმდეგება საერათაშორისო კონვენციებს. დიდ ისტორიულ გამოწვევებს სჭირდება ისტორიული გადაწყვეტილება, დიდ რისკებს – საპასუხო რისკები. ოპოზიციამ განვლილ პერიოდში დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად წარმოადგენს მაღალი სტანდარტის პოლიტიკურ მოვლენას ქართულ სინამდვილეში, როცა საჭირო გახდა გაერთიანებაც შევძელით. ვითარება მოვიყვანეთ აქამდე, რომ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა და ახლა საჭიროა, რამდენიმე დარტყმა და ივანიშვილის ეს ქიმერა ხუხულასავით ჩამოიშლება და საქართველო გათავისუფლდება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, შალვა ნათელაშვილის შეფასებით, მოლაპარაკების ფორმატში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ვიდრე არ ჩაერთვება, ასევე ივანიშვილის მიმართ არ დაიწყება სანქცირება, ხელისუფლება დათმობაზე არ წავა.
„ვფიქრობ, რომ ვიდრე მოლაპარაკების ფორმატში არ ჩაერთვება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი და ივანიშვილის მიმართ არ დაიწყება პერსონალური სანქცირება, ხელისუფლებისგან რაიმე დათმობა არ იქნება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის თქმით, იმედიანად ხვდება ყველა უცხოელი მეგობრის თანადგომას, თუმცა მიაჩნია, რომ პროცესში უნდა ჩაერთოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლი.
„იმედიანად ვხვდები ყველა ჩვენი უცხოელი მეგობრის თანადგომას და მხარდაჭერას , მითუმეტეს, დანიელსონმა 64 საათი გაატარა ჩვენთან, როგორც მას დაუთვლია ზუსტი შვედური პუნქტუალობით და, რა თქმა უნდა, ვუსურვებთ წარმატებას მისი მძიმე მისიის განხორციელებაშიც, მაგრამ ვიმეორებ, რომ თუ ეს ორი კომპონენტი არ დაემატა – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჩართვა და ივანიშვილის მილიარდების სანქცირება, სანქცირების რეალური მუქარა, ისინი არ დაიხევენ უკან, რადგან მოსკოვისგან ამის ნებართვა არ აქვთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.