შალვა ნათელაშვილი სახალხო პარლამენტის შექმნის იდეით გამოდის
შალვა ნათელაშვილი სახალხო პარლამენტის შექმნის იდეით გამოდის

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციური პარტიებისგან სახალხო პარლამენტის შექმნის იდეით გამოდის. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში პარტიები შეიკრიბებიან და აღნიშნულ საკითხს ერთ-ერთ პირველ პუნქტად განიხილავენ.

„პარლამენტში არშესული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო მაკოორდინებელი პოლიტიკური ორგანო გარდამავალ პერიოდში, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ისეთივე მრისხანე, რა ღელვაც ჩვენი ხალხის გულებშია ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკით გამოწვეული. ამ დღეებში იქნება პარტიების შეკრება, სადაც ამ საკითხს განვიხილავთ ერთ-ერთ პირველ პუნქტად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციური ძალების კოორდინაცია და პოლიტიკური პროცესების მართვა არის საჭირო.

„საჭიროა ოპოზიციური ძალების კოორდინაცია, პოლიტიკური პროცესების მართვა. სახეზე გვაქვს არალეგიტიმური და არაუფლებამოსილი პარლამენტი, რომელსაც არ გააჩნია კომპეტენცია, მიიღოს გადაწყვეტილებები კონსტიტუციურ საკითხებზე, ტერიტორიული მოწყობის მიმართულებით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და ფაქტობრივად, პარლამენტი არ გვყავს. ამიტომ, ახლა საჭიროა ოპოზიცის კონსოლიდაცია გარკვეულ სტრუქტურაში, რომელიც იქნება ჩვენი ხალხის აზრის წარმომადგენელი ქვეყნის შიდა და საგარეო ურთიერთობებში იმ გარდამალ პერიოდში, რომელიც გველოდება ახალ და დემოკრატიულ არჩევნებამდე“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.