შალვა ნათელაშვილი - საარჩევნო კანონმდებლობაში ნიღაბზე და ხელების სპირტით დამუშავებაზე არაფერი წერია
შალვა ნათელაშვილი - საარჩევნო კანონმდებლობაში ნიღაბზე და ხელების სპირტით დამუშავებაზე არაფერი წერია

საარჩევნო კანონმდებლობაში კონკრეტულად ნიღბის აუცილებლად გაკეთებაზე ან არ გაკეთებაზე, ასევე ხელების სპირტით დამუშავებაზე არაფერი წერია, – ასე აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გუშინ ბათუმში გამართულ ხალხმრავალ აქციას.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობისას სავალდებულო იყო პირბადეების ტარება და სახლში ყოფნა, ხოლო საარჩევნო პერიოდის დროს გამორიცხულია, ასეთი შეზღუდვები დაწესებულიყო.

„პოლიტიკური მიზნებისთვის ხალხის შეკრება საარჩევნო პერიოდში შეზღუდული არ არის. არც კანონში არაფერი წერია კონკრეტულად ნიღბის აუცილებლად გაკეთებაზე ან არ გაკეთებაზე, ასევე ხელების სპირტით დამუშავებაზე. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ განიხილონ, საკანონმდებლო წესით დაადგინონ ჩარჩოები და ასე მოიქცევიან პოლიტიკური პარტიები. ვფიქრობ, რომ ჩვენი ცხოვრება ორგანიზებული უნდა იყოს კანონით, მათ შორის ეპიდემიის დროს. როცა იყო საგანგებო მდგომარეობა, სავალდებულო იყო პირბადეების ტარება, სავალდებულო იყო სახლში ჯდომა. ხალხი და ყველა პარტია ამას ასრულებდა. საარჩევნო პერიოდის დროს, რა თქმა უნდა, ასეთი შეზღუდვები გამორიცხულია დაწესებულიყო და ვერც დაწესდებოდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველო ყველა ვირუსს და ჟამიანობას მოიშორებს.

„გარდაუვალი დამარცხების შიშით შეპყრობილი ხელისუფლება უკვე იხილავს საპარლამენტო არჩევნების გადავადებას. მოგეხსენებათ, ვირუსები სეზონურად მიდიან და მოდიან. ისეთი რეჟიმები, როგორიც ჩვენ გვყავს, თავისით არასოდეს წავა, თუ ხელი არ წააშველე. ქართველებს უკვე ხელი აქვთ აწეული 31 ოქტომბერს გამარჯვებისთვის და ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ამიტომ ამოიგდეთ თავიდან ყოველგვარი გადავადებისა და შეთქმულების თეორიები. მოვითხოვთ, არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში და ვთხოვთ ევროპის კავშირს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, გაამზადონ გადავადებასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში ისეთივე სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ, როგორც ეს ხორციელდება დიქტატორ ლუკაშენკოს წინააღმდეგ, რომლის მიმართ ერთ მუშტად არის შეკრული ბელარუსი ხალხი.

ჩვენ ყველა კორონას, ყველა ვირუსს და ყველა ჟამიანობას მოვიშორებთ. მთავარია, ეს არნახული ჭირი მოვიცილოთ. არც ერთი წუთით არ შეიძლება დიდი ისტორიული საქმის გადავადება. ამას არ დავუშვებთ. გადავხედოთ მსოფლიოს, რამდენი არჩევნები ჩატარდა ყირგიზეთში. სადაც არჩევნები ჩატარდა, იქაც არის ეს ეპიდემია. ხელისუფლებაც დაემხო და რევოლუციაც მოხდა. თუ უნდათ ყირგიზეთის მოდელი, ამასაც მიიღებენ, ისეა ხალხი გაბრაზებული. არ გვინდა ასე განვითარდეს მოვლენა. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი გზით, არჩევნებით გასტუმრება, ხოლო ზოგიერთის იზოლატორში გადასტუმრება. ვიმეორებ, საქართველოს პრობლემა არის არა ვირუსები,არამედ დამანგრეველი, საკუთარ ხალხის არ მოყვარული, გადამგდები და მძარცველი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენი შვილების ლუკმა წაიღო, დააგროვა, მილიარდებად გადააქცია, ახლა კიდევ უნდა, რომ ეს ტკბობა კიდევ გაიხანგრძლივოს. ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი, ამას არ დაუშვებს ერთი მიზნისთვის მოთანამშრომლე ოპოზიციური ძალები და მსოფლიო თანამეგობრობა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.