შალვა ნათელაშვილი - რაც მიგვაახლოვებს ახალ არჩევნებთან, ყველაფერი მისაღებია, თუ პლებისციტი მიგვაახლოვებს, ესეც მისაღებია
რაც მიგვაახლოვებს ახალ არჩევნებთან, ყველაფერი მისაღებია, თუ პლებისციტი მიგვაახლოვებს, ესეც მისაღებია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ერთიანია მიღებულ გადაწყვეტილებებში.
„მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ამ წამისთვის ოპოზიცია ერთიანია მიღებულ გადაწყვეტილებებში – ახალი საპარლამენტო არჩევნები, პარლამენტში არშესვლა, ივანიშვილის მიერ ჩატარებული ამ მარაზმისა და მასკარადის არცნობა და ლეგიტიმაციის არმინიჭება. რაც მიგვაახლოვებს ახალ არჩევნებთან, ჩვენთვის ყველაფერი მისაღებია, თუ პლებისციტი მიგვაახლოვებს, რა თქმა უნდა, ესეც მისაღებია“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, პლებისციტამდე თამარ ჟვანია და საარჩევნო კომისიების წევრები თუ ჩამოსცილდებიან საარჩევნო სისტემას, ამომრჩევლის 80% ხმას მისცემს ახალ არჩევნებს.
„პირველ რიგში, პლებისციტამდე ჟვანიას და ჟვანიას სახსენებელი უნდა მოსცილდეს საარჩევნო სისტემას, ყველა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა იქნას მოცილებული, ყველა საარჩევნო კომისიის წევრები რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ ავ საქმეს ჩვენი ქვეყნისთვის უნდა იქნენ გაყვანილები კომისიებიდან და დამერწმუნეთ ქართველი ხალხი 80%-ით ხმას მისცემს ახალ საპარლამენტო არჩევნებს. თუ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ობიექტურ გამოკითხვაში, სადაც არ იქნებიან არსებული საარჩევნო კომისიები, ხალხი იტყვის, რომ მას სჯერა ამ პარლამენტის და ივანიშვილის მანიპულაციების, რაც ჩემთვის დაუჯერებელია, ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნება. ამ შემთხვევაში, ჩავთვლი რომ საქართველოც აღარ არსებობს, არც საქართველოს პარლამენტი არსებობს და საერთოდ აღარც მომავალი არსებობს, მაგრამ ამას ვერასოდეს დავიჯერებ, რომ ჩვენს ხალხს მომავალზე უარის თქმა შეუძლია“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის თქმით, მან კოლეგების უმრავლესობის პოზიცია გაიზიარა, რომ ამ ეტაპზე ახალ არჩევნებთან მისაახლოვებელი ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს პლებისციტი.
„საერთოდ, ვფიქრობ, რომ მიცვალებულის ოჯახში გამოკითხვა იმის თაობაზე – ოჯახის წევრი გარდაიცვალა თუ არა, ზედმეტია, მაგრამ მე გავიზიარე კოლეგების უმრავლესობის პოზიცია, რომ ამ ეტაპზე ახალ არჩევნებთან მისაახლოვებელი ერთ-ერთი გზა შეიძლება, იყოს პლებისციტი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რატომ არ ესწრებოდა ელჩებთან გუშინდელ შეხვედრას, მაშინ, როცა ექვსი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, ნათელაშვილმა მედიას მის მიმართ ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი მადლობა პრესას განსაკუთრებით, რომ ასეთ ყურადღებას მაქცევს, მაგრამ არ იყო სავალდებულო ერთ დოკუმენტზე ყველას მოგვეკიდა ხელი და მიგვეტანა საელჩოსთან. აღარ იყო მეშვიდეს ადგილი, როგორც დუმბაძე წერს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.