შალვა ნათელაშვილი - პოზიციები არ შეიცვლება, თუნდაც მარაკანას სტადიონზე მომიწიოს გამოსვლა
შალვა ნათელაშვილი - პოზიციები არ შეიცვლება, თუნდაც მარაკანას სტადიონზე მომიწიოს გამოსვლა

უაღრესად მწვავე და დაძაბული ქართული შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელიც ძალაუფლების უზურპაციითაა გამოწვეული, უკვე გადაიქცა საერთაშორისო პრობლემად, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანეილსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში ალბათ ორი-სამი ქვეყანაა, რომელთა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შუამავალი სჭირდებათ.

„დღეს გრძელდება ევროპის კავშირის შუამავლობით დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სამწუხაროა ისიც, რომ ალბათ, ორ-სამ ქვეყანაში გავდივართ დედამიწის მასშტაბით, სადაც ოპოზიციას და ხელისუფლებას შუამავალი სჭირდება და ისე ვერ ელაპარაკებიან ერთმანეთს. ეს არის ალბათ, სირია, ერაყი, ავღანეთი და საქართველო. აი, სადამდე მიიყვანა სულის დიდვაჭარმა ჩვენი ლამაზი და აყვავებული სამშობლო. მოთხოვნები არ იცვლება, ნიკა მელია უნდა იყოს ჩვენს გვერდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, რაიმე გადაწყვეტილებას მოეწეროს ხელი. ასევე, უპირველესი უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, რომელიც უნდა ჩატარდეს ამ წელში. გარდა ამისა, არის ივანიშვილის პირადი სანქცირების გარეშე, მოპარული ქონების დაყადაღების გარეშე დიქტატორი არ წავა ახალ არჩევნებზე. ეს არის მწარე რეალობა. ამიტომ, ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა იქნება უცვლელი – სანქციების ქვეშ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მილიარდები და შემდეგ ამ თანხების დაბრუნება ჩვენი ხალხის ოჯახებში და ქვეყნის ბიუჯეტში.

„ქართული ოცნება“ ან ნებით დათმობს, ან ამას დაათმობინებენ. მე არ მაწუხებს რაიმე გადაჭარბებული ილუზიები, რომ დღეს, ხვალ და თუნდაც 16-მდე ყველაფერი გადაწყდება და გაირკვევა. ალბათ, მოლაპარაკებები და რქაგრეხილობა გაგრძელდება კიდევ რამდენიმე კვირა, რის შემდეგაც, ოლიგარქი გამოაცხადებს კაპიტულაციას. პოზიციები არ შეიცვლება, თუნდაც მარაკანას სტადიონზე მომიწიოს გამოსვლა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.