შალვა ნათელაშვილი - „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები არის ოპოზიციის დაშინება, ეს ბიზნესმენები ვინც არიან, ყველამ კარგად იცის, არც ერთის პარლამენტში შესვლა არ გამოიწვევს პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას
შალვა ნათელაშვილი - „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები არის ოპოზიციის დაშინება, ეს ბიზნესმენები ვინც არიან, ყველამ კარგად იცის, არც ერთის პარლამენტში შესვლა არ გამოიწვევს პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას

„პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ საახალწლოდ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები არის ოპოზიციის დაშინება, ეს არის ტერორი, ერთპარტიული, არალეგიტიმური ტირანიის კიდევ ერთი დადასტურება. არ შემოდიხართ პარლამენტში?-ახლა დაგსჯით და მოღალატე თქვენსავე სიაში ჩასმულ ბიზნესმენებს შემოვუშვებ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ეს ბიზნესმენები ვინ არიან ყველამ კარგად იცის, არც ერთი არ არის პოლიტიკური ფიგურა, არც ერთის პარლამენტში შესვლა არ გამოიწვევს პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას და არ მიიყვანს რეჟიმს მრავალპარტიულ პარლამენტამდე. თუ ახლა საჭირო გახდება ლექციების კითხვა, რას ნიშნავს მრავალპარტიული პარლამენტი, ბიძინა ივანიშვილი გამოძვრეს სოროდან, მოვიდეს მეხუთე რაუნდზე, დაჯდეს თვითონ და არა თავისი კურდღლები და იქ ავუხსნი, რას ნიშნავს მრავალპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს, ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძეს და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავს. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.