შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, 2 ოქტომბერი ქართველთა გენოციდის დღედ გამოცხადდეს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, რომ 2 ოქტომბერი ქართველების გენოციდის დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ მან დადგენილების პროექტით საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა.
პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ქართველი ხალხი გენოციდის მსხვერპლი არაერთი დამპყრობლის მხრიდან გახდა, მათ შორის რუსეთის, რომელიც აგრესიას ახლაც აგრძელებს.
გენოციდის დღედ 2 ოქტომბრის გამოცხადების საფუძვლად ინიციატივის ავტორი 1992 წლის 2 ოქტომბერს ასახელებს, როდესაც გაგრაში ქართველებს სასტიკად გაუსწორდნენ.
„დღეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი გენოციდის დღეა. 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის სტადიონზე რუსმა ოკუპანტებმა და დაქირავებულმა ბოევიკებმა ქართველთა მოჭრილი თავებით ითამაშეს ფეხბურთი და ეს გენოციდი ჩვენს ერზე გრძელდება დღესაც. ათეულ ათასობით მოკლული, დანგრეული სოფლები და ქალაქები, თავის სამშობლოში საზღვრის დარღვევაზე დაპატიმრებული ადამიანები გახდა ყოველდღიური კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. ისტორიულადაც, ყველა დამპყრობელი აქ მოდიოდა არა იმისათვის, რომ მარტო მიწა დაეპყრო, არამედ მათი მიზანი იყო ქართველი ხალხის, ქართული ცივილიზაციის, ქართული ფენომენის გადაშენება. დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტში შეგვაქვს დადგენილების პროექტი ქართველი ერის მიმდინარე და ისტორიული გენოციდის შესახებ, რაც შეწყვეტს ამ გამანადგურებელ პროცესს. იმედი მაქვს, პარლამენტი ერთხელ მაინც იქნება გულწრფელი და პასუხისმგებელი თავის ხალხთან, მიიღებს ამ დოკუმენტს და ამით საფუძველს დაუდებს ახალ ეტაპს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა. იმედია, ისინი გაიხსენებენ, რომ ებრაელები და სომხები დღემდე გადარჩნენ იმით, რომ მსოფლიომ აღიარა მათი გენოციდი. იმედია, იმასაც გაიხსენებენ, რომ საქართველოს პარლამენტს კარგა ხანია, მიღებული აქვს ჩერქეზთა გენოციდის დადგენილება და ისე არ გამოვა, რომ კუდა ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო, ჩვენი თავისთვის ვერ მიგვიხედია და სხვის ბედს დავტირით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, დადგენილების კენჭისყრა დროულად გაიმართოს.