შალვა ნათელაშვილი - მიხეილ სააკაშვილი უცხოეთის ფეშენ კურორტებიდან ოპოზიციური ერთიანობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს
გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერ-მინისტრება, თუნდაც იმიტომ, რომ 2036 წლამდე, რუსეთის იმპერატორი იქნება ვლადიმერ პუტინი, რომელიც როგორც კი დაინახავს სააკაშვილის გაპრემიერებულ საქართველოში ეგრევე გადმოვა ცხელ ომზე, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ერთიანობა საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის შედეგია.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოპოზიციური ერთიანობა, ჩვენი ხალხის უდიდესი ბრძოლის შედეგია რეჟიმთან და ასევე მეც, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ყველაფერი გავაკეთეთ ამ კონსოლიდირებისთვის და მომავალშიც თვალის ჩინივით გავუფრთხილდებით აღნიშნულ მონაპოვარს. მიუხედავად ამისა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთის ფეშენ კურორტებიდან აგრძელებს ოპოზიციური ერთიანობის წინააღმდეგ ბრძოლას. მე ახლა გუშინდელ და იმის წინანდელ ბინძურ რეიტინგებზე, რომელიც მისი დაწერილია, არაფერს აღარ ვამბობ და რომელიც მიმართულია ჩვენს წინააღმდეგ პირველ რიგში, „ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ“. მე მხედველობაში მაქვს, რომ მან ჩაშალა სწორედ რეგიონებში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების იდეა. მან შეიტანა რღვევა თბილისში უკვე შეთანხმებულ მაჟორიტარულ კანდიდატთა ერთობლივ ფრონტში. მან ჩაწერა შვიდი ოლიგარქი ივანიშვილისგან გამოგზავნილი პარტიულ სიაში საკუთარ ლიდერებზე წინ, რომლებიც მერე გადავლენ დაუყოვნებლივ ივანიშვილთან პარლამენტში შესვლის შემდგომ და მანვე გამოაცხადა, რომ თვითონ მარტო დააკომპლექტებს მომავალ მთავრობას ყოველგვარი მრავალპარტიულობის გარეშე, რაც სრული აბსურდია კონსტიტუციური მოდელის მიხედვით“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილი მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, უარი თქვან არჩევნების დღეს ეგზიტპოლების გამოცხადებაზე.
„ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ უკან თუ წინ მდგომ ტელევიზიებს და მოვუწოდებ ხელისუფლებასაც, მეგობრებო, უარი ვთქვათ არჩევნების დღეს საღამოს 20:00 საათზე ეგზიტპოლების გამოცხადებაზე. რომელიც თავდაყირა დააყენებს კვლავ ქვეყნის ისტორიას, რადგან ყველა გამოაცხადებს თავის შეთითხნილ, დაფინანსებულ, მილიონად ნაყიდ ურცხვ ციფრებს და მერე დაიწყება ვაჭრობა აღვირახსნილი საარჩევნო უბნებში, ლიდერებს შორის პირველ რიგში და შემდგომ ისევ მივიღებთ გამრუდებულ ისტორიას. სააკაშვილის პრინციპი, როგორც ჩანს არის შემდეგი-თუ მე არ ვიქნები გყავდეთ ისევ ბიძინა და ეს ვფიქრობ არის დანაშაულებრივი პოზიცია დღევანდელ ეტაპზე და ჩვენთვის ეს სკოლა, ეს სტილი ახალი არ არის. ბატონი სააკაშვილი 1995 წლიდან, აი, ამ ფორმით მუშაობს პოლიტიკურ არენაზე, ასე გვიწერდა „ლეიბორისტულ პარტიას“ რეიტინგებს. როგორც ჩანს, ადამიანი არ იცვლება არც ეპოქალურად და არც იმის მიხედვით, რა ადგილმდებარეობა უკავია. კიევშია, ფარცხანაყანებშია, თუ ნიუ იორკშია. აი, ეს არის უბედურება. როგორმე უნდა დავძლიოთ წარსულის ლანდები, გამოვიდეთ წარსულის შუქჩრდილებიდან, გავხედოთ საქართველოს მომავალს და მივხვდეთ იმას, რომ გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერ-მინისტრება, თუნდაც იმიტომ, რომ 2036 წლამდე, რუსეთის იმპერატორი იქნება ვლადიმერ პუტინი, რომელიც როგორც კი დაინახავს სააკაშვილის გაპრემიერებულ საქართველოში ეგრევე გადმოვა ცხელ ომზე და ქართულ სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს, რა თქმა უნდა დემოკრატიული მსოფლიო დაგვიტირებს, მაგრამ ვერაფერს ვეღარ მოასწრებს. ამიტომ, ეს მაინც უნდა გაითვალისწინოს, როდესაც ასეთ უაზრო, უადგილო ამბიციებს აყენებს და ხელს გვიშლის აი ამ ოლიგარქის დამარცხებაში, რომელიც პირდაპირ პუტინის მოვლინებულია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.