შალვა ნათელაშვილი - მესამედ რომ მისცემს ადამიანი „ქართულ ოცნებას“ ხმას, იმას ჩიპიც აქვს ჩადგმული და უბედურება სჭირს
სანამ ოლიგარქიული რეჟიმი დაკავებულია ერთპარტიული, ტირანული დიქტატურია დამყარებით ქვეყანაში, ამასობაში მსოფლიომ ლამის დაამთავრა ვაქცინაცია, იმ ვირუსზე, რამაც გამოიწვია დედამიწის პარალიზება, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი უნდა დაიწყოს სასწრაფოდ და არა გაზაფხულზე.
„კატეგორიულად მოვთხოვ დღევანდელ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, კეთილი ინებეთ და იმ 10 მილიარდიდან, რომელიც შემოვიდა ჩვენს დასახმარებლად პანდემიის პერიოდში და რომელიც თქვენ მიითვისეთ, უკან დააბრუნეთ გარკვეული თანხა, იყიდეთ ვაქცინა და დაიწყეთ მოსახლეობის აცრა, რომელიც სავსებით შესაძლებელია, დამთავრდეს ორ კვირაში. შემდგომ დავბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი უნდა დაიწყოს სასწრაფოდ და არა გაზაფხულზე, როგორც გვპირდება დღევანდელი ხელისუფლება. გაზაფხულზე უკვე ყველას მოხდილი გვექნება ან ღმერთმა დაგვიფაროს, წამსვლელი უკვე წასული იქნება იმ ქვეყანაში. გაზაფხულზე არის ის სიტუაცია, როდესაც პანდემია მთავრდება მთელ მსოფლიოში, ესენი მაშინ იწყებენ აცრას. ამასთანავე, აცრა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. თუმცა ვიმეორებ, ჯობია იყოს საყოველთაო და რაღაცა მოგონილი ზღაპრები ვრცელდება ხელისუფლებიდან, რომ თურმე ჩიპს ჩაგვიდგამენ აცრების დროს. მეტი რაღა ჩიპი უნდა ჩაგიდგან. მესამედ რომ მისცემს ადამიანი „ქართულ ოცნებას“ ხმას, იმას ჩიპიც აქვს ჩადგმული და უბედურება სჭირს. მეტი რაღა დაჩიპვა გინდათ, დაბიძინებული ვართ.
10 მილიარდი მოიპარეს მიითვისეს, ეს გახლდათ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა ფორმატში მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან. ეს არის ვალი, რომელსაც გადაიხდიან ჩვენი შვილები, მათი შვილები და ამ ვალს ემატება პროცენტები ყოველწლიურად. აღნიშნული 10 მილიარდი ივანიშვილის რეჟიმმა ჩადო თავის ბანკებში, თავის სამშენებლო ბიზნესსა და საკუთარ სასტუმროების ქსელში, სადაც ის დაატრიალა პროცენტებში და უკვე გადაუშვა ჰონგ კონგისა და დუბაის ოფშორულ ზონებში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.