შალვა ნათელაშვილი - მეგობრობა ორმხრივია, მარტო ჩვენ ვამტკიცოთ დასავლეთისადმი ერთგულება და ევროპამ ფეხებზე დაგვიკიდოს, ასე არ გამოვა, მეგობრებო
შალვა ნათელაშვილი - მეგობრობა ორმხრივია, მარტო ჩვენ ვამტკიცოთ დასავლეთისადმი ერთგულება და ევროპამ ფეხებზე დაგვიკიდოს, ასე არ გამოვა, მეგობრებო

ევროკავშირის ლიდერებს გავუგზავნეთ მიმართვა, რომ საქართველოს ერთადერთს კონტინენტზე ჰყავს ერთპარტიული პროპუტინისტური პარლამენტი და მოვითხოვთ მის არალეგიტიმურად ცნობას, ივანიშვილზე სანქციებს და ქართველი ხალხის მხარდაჭერას ახალი არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც უნდა გაიმართოს უახლოეს ხანებში, – განაცხადა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ „ბუნებითი მოკავშირე ევროპა დადგება ქართველი ხალხის და არა პუტინისტ ოლიგარქ ივანიშვილის გვერდით და იტყვის იმ სიტყვას, რაც ეპოქალურად აკისრია ჩვენს მიმართ და მთელი მსოფლიოს გასაგონადაც“.

„არასასიამოვნოა, რომ დღემდე ევროსტრუქტურებს რეაქცია არ გაუკეთებიათ მარაზმზე, რაც მოხდა 31 ოქტომბერს, როდესაც ბანდა შევარდა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში და ამასობაში, მთელი ბელარუსის ხელმძღვანელობა სანქციებში მოახვდრეს.

არასასიამოვნოა ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილს მიანიჭა მაღალი ორდენი ამ ქვეყნისა, იმის გამო, რომ ოლიგარქმა საფრანგეთის კოვიდისგან გადასარჩენ ფონდში ჩვენგან მოპარული მილიონები გადარიცხა. როგორც ჩანს, ის ამზადებს გასაქცევ ნიადაგს საფრანგეთში, იქმნის ნიადაგს, რომ იქ კარგად მოყუჩდეს. მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ამის საშუალებას მას არ მივცემთ.

რა თქმა უნდა, კარგად გვახსოვს, როგორ მიგვატოვა შუასაუკუნეებში ევროპამ სპარსეთის წინააღმდეგ მარტოდმარტო. ისიც გვახსოვს, თურქული ოსმალეთის წინააღმდეგ როგორ დახუჭა თვალი, ევროპამ ჩაყლაპა 1801 წელს სახელმწიფოებრიობის გაუქმება. ევროპამ რეაქცია არ გააკეთა 1921 წელს საქართელოს ოკუპაციაზე საბჭოთა რუსეთის მიერ. ევროპამ 2008 წელს არ მიგვიღო ნატო-ში და ამან მისცა საშუალება პუტინს, მოეხდინა 20%-ის ოკუპირება და ის ცოდვა, რაც ტრიალებს, სწორედ იქიდან მოდის ამ ტერიტორიებზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ახალა, როდესაც წყდება საკითხი, საქართველო დარჩება დასავლეთის ატლანტიკური სივრცის, ევროპის ნაწილი თუ ის დაბრუნდება მოსკოვის ორბიტაზე, „აქ მაინც ჩვენი მოკავშირე სტრატეგიული ევროპა იტყვის თავის სიტყვას და ასწევს იმ ჯოხს, რომლიც ასაწევია“.

„მეგობრობა ორმხრივია, მეგობრობა ცალმხრივი არ შეიძლება, იყოს. მარტო ჩვენ ვამტკიცოთ დასავლეთისადმი ერთგულება და ამ დროს, ევროპამ ფეხებზე დაგვიკიდოს და პირიქით, ჩვენს მჩაგვრელს მხარდაჭერა და მოკავშირეობა გამოუცხადოს, ასე არ გამოვა, მეგობრებო. ასე გადაიხედება ბევრი ორიენტირები ჩვენგან დამოუკიდებლად. ამიტომ დროა, ეს პარტნიორობა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი.

ასე არ გამოვა, ევროპა უგზავნიდეს მილიარდებს კოვიდის წინააღმდეგ ქართველი ხალხის დასახმარებლად და მერე იმ მილიარდებს ივანიშვილი საკუთარ ბიზნესებში ატრიალებდეს, ნაწილს ურიცხავდეს საფრანგეთში კოვიდის გადასარჩენ ფონდებს. ყველამ თავისი რესურსები უნდა მოახმაროს საკუთარი ხალხის გადასარჩენად ისე, რომ ხალხი გადარჩეს, ხალხის ხარჯზე ასეთი რამ არ მოსულა.

ევროპის ნაწილი ვართ და როცა ხედავ, შენი ნაწილი ვერ იქცევა ისე, როგორც ნაწილს შეეფერება, მოკავშირეს და პარტნიორს ამას ეუბნები, რომ არ გაღრმავდეს დაცილება, რომ მართლა არ მოხდეს გაუცხოება. ეს გაუცხოება არაერთხელ მომხდარა და ამას ვეუბნებით შუასაკუნეებიდან დაწყებული, როდესაც მარტო გვტოვებდნენ მტერთან ბრძოლაში. რაც მოხდა, იმას ვერ გავასწორებთ და რისი გასწორებას შეიძლება იმას მივხედოთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.