შალვა ნათელაშვილი - ხვალ გველოდება დიდი დიდგორი, სადაც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ
ხვალ გველოდება დიდი დიდგორი, სადაც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა დღეს კიდევ ერთი ისტორიული, გრანდიოზული ნაბიჯი გადადგა ერთიანობისა და გამარჯვებისაკენ.
„თუ მოვახდენთ ილიას უკვდავი სტრიქონის ინტერპრეტაციას, მოხდა ის, რასაც ჩუმის ნატვრითა ნატრულობდა ყველა ქართველი დღევანდელ ისტორიულ ეტაპზე, როცა ჩვენ წინ, 31-ში, ხვალ გველოდება დიდი დიდგორი, სადაც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა კიდევ ერთი ისტორიული, გრანდიოზული ნაბიჯი გადადგა ერთიანობისაკენ, გამარჯვებისაკენ, მომავალი კოალიციური მთავრობის შექმნისაკენ, რომელიც იზრუნებს ხალხზე და არა თავის ჯიბეზე და დღეს, ხელს ვაწერთ დეკლარაციას და ვიღებთ ვალდებულებას, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შევუქმნით სამთავრობო კოალიციას, ბლოკს და თანამშრომლობის სხვა ფორმატს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც პრაქტიკულად დასასრულამდე მიიყვანა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკური მდგომარეობა და შეუძლებელი გახადა ყოფნა და იმ სიტუაციის ატანა, რაც მისი დამსახურებით შეიქმნა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმით ოპოზიციის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან“ და მასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.