შალვა ნათელაშვილი - კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა დაფიქსირებული მოსმენაზე და ელექტრონულ თვალთვალზე ელჩთა აყვანის პრეცედენტი
კაცობრიობის ისტორიაში თვით ჰიტლერისა და სხვა დიქტატორების ჟამს არ ყოფილა დაფიქსირებული მოსმენაზე და ელექტრონულ თვალთვალზე ელჩთა აყვანის პრეცედენტი, ეს მოხდა პირველად, რაც ვიცი მე პოლიტიკა, ისტორია და დიპლომატია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის დღევანდელ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.
„ამას მოყვება უპრეცედენტო მძიმე შედეგები ივანიშვილისთვის. ჩვენს უცხოელ მეგობრებს მივმართავ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, სანქციები, სანქციები დაამთავრებს ყველაფერს, დაუსვამს წერტილს და დააბრუნებს საქართველოს განვითარების იმ გზაზე, მოსკოვმა და მათმა სატელიტებმა ამდენი ღვაწლი რომ გასწიეს, გვერდზე გადავეწიეთ და გადავეგდეთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები დაინტერესებულნი არიან პოტენციური საფრთხეების აღმოჩენით და აქვთ მიზეზები ფარული მიყურადების გამოსაყენებლად, თუმცა ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოყენება სიფრთხილით, მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ხდებოდეს.
საკითხის ირგვლივ საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემაზე საქართველოს ელჩი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს, სადაც მას ევროგაერთიანების პოზიცია აცნობეს და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ განუცხადეს