შალვა ნათელაშვილი ჰუბერტ ქნირშზე - თუ ელჩი ხარ, რა გინდა შუაღამისას პარლამენტის ფანჯარაში, გახარიას გვერდით
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოში ევროკავშირის, აშშ-ისა და გერმანიის მოქმედი ელჩების მუშაობა შეაფასა.
„რუსთავი 2“-ის ეთერში სტუმრობისას ნათელაშვილმა გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გააკრიტიკა, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი კი დადებით კონტექსტში მოიხსენია.
„ევროკავშირის ელჩი არის ნამდვილი დიპლომატი, მიუკერძოებელი და ძალიან მაღალი კლასის მოღვაწე. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საკმაოდ გავლენიანი დიპლომატია, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, სამხედრო დიპლომატია, რადგან დედამიწის ყველა ცხელ წერტილშია ნამყოფი. დახვეწილი პიროვნებაა.
რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ის გამობრძანდა მაშინ, როცა 20 ივნისს თვალები დათხარეს ჩვენს ბავშვებს და განაცხადა, რომ ყველაფერი კანონის მიხედვით მიდიოდა. ვუყურებდი პარლამენტის ფანჯრიდანო. შე მამაცხონებულო, თუ ელჩი ხარ, რა გინდა შუაღამისას პარლამენტის ფანჯარაში, გახარიას გვერდით და რატომ ტკბები იმით, რომ ბავშვებს თვალებს თხრიან.
როგორც ერიკ ფურნიე, საფრანგეთის გათახსირებული ელჩი, ფინანსდებოდა ბიძინა ივანიშვილისგან და მილიონერი წავიდა აქედან, ცოლის სახელზე გააფორმა ამისგან ნაჩუქარი მილიონები, ასევე ეს გერმანიის ელჩიც, ყურამდე რომ აქვს პირი გახსნილი სახაჭაპურედ, ფინანსდება ამისგან“, – განაცხადა ნათელაშვილმა.