შალვა ნათელაშვილი - დოკუმენტი ივანიშვილის დაწერილია და შეთავაზებულია ფასილიტატორებისა და მედიატორებისთვის, რომ გადაიქცეს შეთანხმების რაღაც სახელშეკრულებო ბაზად
დოკუმენტი ივანიშვილის დაწერილია და შემდგომ არის შეთავაზებული ჩვენი დასავლეთელი ფასილიტატორებისა და მედიატორებისთვის, რომ გადაიქცეს შეთანხმების რაღაც სახელშეკრულებო ბაზად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის განხილვაც კი არასწორია.
„ივანიშვილის დაწერილია და შემდგომ არის შეთავაზებული ჩვენი დასავლეთელი ფასილიტატორებისა და მედიატორებისთვის, რომ გადაიქცეს შეთანხმების რაღაც სახელშეკრულებო ბაზად. ამიტომ, ამ დოკუმენტზე ხელმოწერის განხილვაც კი არასწორია ოპოზიციის მხრიდან, თუნდაც იმიტომ, რომ ნიკა მელია ისევ ციხეში იმყოფება. როგორ უნდა მივიღო მის მაგივრად, მათ შორის მის თაობაზე გადაწყვეტილება, მე არ ვიცი. დანაშაულებრივ ანეკდოტს წარმოადგენს პუნქტი იმის თაობაზე, რომ ადგილობრივი არჩევნების მიხედვით, ხელისუფლება გადაწყვეტს, ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები, თუ არა. ეს არის გზა არსაით. ამიტომ ჩვენ ხმა უნდა ამოვიღოთ ისევე, როგორც აქამდე ვიღებდით ხმას პოლიტიკური გაგებით და მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ეს უფასო ფულის მსგავსი დაპირებები, ასეთი ნულპროცენტიანი კრედიტები, რაც ერთხელ გაუვიდა ივანიშვილს, აღარ გაუვა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.