შალვა ნათელაშვილი - ჩვენი მეგობარი ჰარცელი და სხვა ელჩები იმკიან იმას, რაც დათესეს
ჩვენი მეგობარი ჰარცელი და სხვა ელჩები იმკიან იმას, რაც დათესეს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ნათელაშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სთხოვა, არ დაეტოვებინათ შენობა, ვიდრე შსს-სგან არ მიიღებდა გარანტიას ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების შესახებ.
„საერთოდ, ცხოვრებაში ვარ კორექტული დამოკიდებულების მომხრე, მათ შორის, ადამიანებს შორის რაც არ უნდა დაპირისპირება იყოს. იმავდროულად, ხელისუფლებამ არ უნდა მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ ადამიანები გახდნენ დაუნდობელი და სტრესული ფაქტორების მატარებელი. არ უნდა შეუვარდე ოპოზიურ პარტიას ოფისში სპეცრაზმით, არ უნდა დააპატიმრო პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, არ უნდა აწამო, აწვალო და არ უნდა აიძულო, დაარღვიონ ეთიკის აღიარებული ნორმები.
ჩვენი მეგობარი ჰარცელი და სხვა ელჩები იმკიან იმას, რაც დათესეს. როდესაც მე მათ ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლება პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა, რუსი ოლიგარქის პოლიტიკური გადარჩენა და მისი რეჟიმის შენარჩუნება, მთვლიდნენ რადიკალად და ფიქრობდნენ, რომ ღრმად ვცდებოდი. ახლა უკვე თვითონვე დაინახეს, რომ მათი საელჩოები გახდა დასაცავი მმართველი პარტიის „ბაევიკებისგან“, ანუ ეს დათესეს ამ ელჩებმა მათ შორის“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სთხოვა, არ დაეტოვებინათ ოფისი. მისივე თქმით, კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან, რათა ყოფილიყო უზრუნველყოფილი შენობის უსაფრთხო დატოვება.
„სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რაც მოხდა, კიდევ უფრო საგანგაშოა. ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა გვითხრა, რომ არ დაგვეტოვებინა ოფისი, რადგან იქ თავი მოიყარეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, რომლებიც, როგორც გვითხრეს, იყვნენ აგრესიულები. გვთხოვა, არ დაგვეტოვებინა ოფისი და კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო შენობის უსაფრთხოდ დატოვება. მან ასეთი გარანტიები ვერ მიიღო. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია რაღაც პერიოდი იქ ყოფნა. ბოლოს მე ვუთხარი, რომ გავალთ შენობიდან, მადლობა გადავუხადე ზრუნვისათვის და დავტოვეთ შენობა. სამწუხაროა, რომ შსს-მ ვერ მისცა გარანტია ევროკავშირის ელჩს, რომ ჩვენ შენობას უსაფრთხოდ დავტოვებდით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.