შალვა ნათელაშვილი - ჩავიხედე კახელების გულებში და გამარჯვება კახეთიდან დაიწყება
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თელავში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა და ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ ვარდოშვილი წარადგინა.
შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და ვრცლად ისაუბრა იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომელზეც „ლეიბორისტები“ გამარჯვების შემთხვევაში იზრუნებენ.
„ლეიბორისტების“ ლიდერმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მათი რვაწლიანი მმართველობა გააკრიტიკა. საკუთარ მხარდამჭერებს კი არსებული რეჟიმის შესაცვლელად არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.
„კახეთში შედგა ჩვენი დამაგვირგვინებელი შეხვედრა. კახეთს გადაწყვეტილი აქვს ამ ხელისუფლების ბედი და 31 ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმი აღარ იქნება. კარგად დავინახე კახელების თვალებში, ჩავიხედე მათ გულებში და გამარჯვება დაიწყება კახეთიდან, როგორც ეს ხდებოდა ისტორიულად. ყველა შემოსეულ მტერს ამარცხებდა კახელი და შიდა თუ გარეულ მტრებს გარეკავენ კახელები მთელ საქართველოსთან ერთად“ ,- განაცხადა ნათელაშვილმა.