შალვა ნათელაშვილი - ბრალდებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა წარმომიდგენია მხოლოდ ერთი დღის წესრიგით, ხელახალი არჩევნები და ამათი გუდა-ნაბადის აკვრა
შალვა ნათელაშვილი - ბრალდებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა წარმომიდგენია მხოლოდ ერთი დღის წესრიგით, ხელახალი არჩევნები და ამათი გუდა-ნაბადის აკვრა

თანამშრომლობაზე მზად ვართ, თუ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და ხელისუფლება აღიარებს, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„ბრალდებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მე წარმომიდგენია მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღის წესრიგით, ხელახალი არჩევნები და ამათი გუდა-ნაბადის აკვრა. სხვა სახის თანამშრომლობა წარმოადგენს დანაშაულს ქართველი ხალხის წინაშე და არა ვინმე კონკრეტული ჯგუფის წინაშე.

თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და ხელისუფლება აღიარებს, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა და გამოაცხადებს ბათილად რამდენიმე დღეში ამ შედეგებს. სხვა რა თანამშრომლობა შეიძლება გასწიო ტერორისტთან, გამტაცებელთან. აგერ გაწიეს თანამშრომლობა ბანკის გამტაცებელთან და გაატანეს ნახევარი მილიონი. ბადრი ესებუა მაგათთან შედარებით ფრთიანი ანგელოზია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა: „მოქალაქეების მიერ ცხრა პარტიისთვის მანდატის მინიჭება იყო დავალება, რომ 24 საათი ვიშრომოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არა ქუჩის აქციების მოსაწყობად“.