შალვა ნათელაშვილი - ახლად გამოჩეკილი ოლიგარქები, კონკრეტულად ცეზარ ჩოჩელი ეცადა შებმას, რათა მხარი დაგვეჭირა, ჩვენი რეაქცია იყო ისეთი, ვულკანი რომ აფეთქდება და პირველ ტალღებს ამოისვრის
ექსკლუზივის წესით გეტყვით, რომ ამ ახლად გამოჩეკილი, პოლიტიკაში ახლად შემოსული, გუშინ შემოსული ოლიგარქებიდან რამდენიმე ეცადა ჩვენთან კონტაქტს და შებმას, რათა მხარი დაგვეჭირა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, ნათელაშვილი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, ანტიოლიგარქიული პაქტი მიიღონ, რათა ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქი არ „გაჭაჭანდეს“.
„ექსკლუზივის წესით გეტყვით, რომ ამ ახლად გამოჩეკილი, პოლიტიკაში ახლად შემოსული, გუშინ შემოსული ოლიგარქებიდან რამდენიმე ეცადა ჩვენთან კონტაქტს და ასე ვთქვათ, შებმას, რომ მხარი დაგვეჭირა. ჩვენი რეაქცია რა იქნებოდა, ალბათ, ხალხს წარმოუდგენია. იყო აი, ვულკანი რომ აფეთქდება და ამოისვრის პირველ ტალღებს, ასეთი. კონკრეტულად ჩოჩელზე ვსაუბრობ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მეგობრებო, მივიღოთ ანტიოლიგარქიული პაქტი, სადაც ავიღებთ ვალდებულებას, რომ არასოდეს ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქი აღარ გაჭაჭანდება. ეს იქნება არჩევნებამდე ოლიგარქიის დამარცხება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ მსგავსი იდეურად ძლიერი, სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკური ორგანიზაცია პოსტსოციალისტურ სივრცეშიც კი არ არსებობს.
„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, არა იმიტომ, რომ ამ პარტიის თავმჯდომარე ვარ. „ლეიბორისტული პარტიის“ მსგავსი, იდეურად ძლიერი, უკანდაუხეველი და სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკური ორგანიზაცია პოსტსოციალისტურ სივრცეშიც არ არის. თუ არ გჯერათ, გადახედეთ ჩეხეთიდან მონღოლეთამდე პოლიტიკური სპექტრის ისტორიას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თუ რომელიმე შემორჩა არენას, თუ რომელიმე არ შევიდა რომელიმე ბლოკში, თუ რომელიმემ არ უღალატა პრინციპებს, მაშინ თავს მოვიჭრი“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.