შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

„ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში შედის, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

პარტიის მიერ არჩევნებზე მოპოვებული ერთი მანდატით საკანონმდებლო ორგანოში ადგილს შალვა ნათელაშვილი დაიკავებს.

„პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა, გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც საყოველთაო ბოიკოტი ბოლომდე ვერ შედგა და არ გამოვიდა, მას შემდეგ, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ, გავითვალისწინოთ ეს რეალიები, აღნიშნული მოთხოვნები, ხალხის, ქვეყნის საჭიროება, ტკივილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია იმ დაგროვილი პრობლემებით, რომელთა გადაწყვეტაც სწორედ პარლამენტიდან უნდა ხდებოდეს. მზად ვართ, შევეჭიდოთ ამ ფონს, რასაც ჰქვია ანტისახალხო კოალიცია თანამედროვე საპარლამენტო უმრავლესობის სახით. თუნდაც ერთი ვიყოთ, თუნდაც მარტო ვიყოთ, ისტორიის კანონებით, ერთსა და უმცირესობას შეუძლია სამყაროს შეცვლა და ჩვენ როგორ ვერ უნდა შევძლოთ, როცა ამდენი ვართ რეალურად გარეთ, იმ ლამაზი ქვეყნის ფეხზე დაყენება და წინ გატყორცნა, რომელიც აქამდეც იმსახურებდა აღნიშნულს, რომ არა მთელი ეს კასკადი დანაშაულებრივი პოლიტიკისა. ამ პოლიტიკის მსხვერპლი  არამარტო დღევანდელობაა, არამედ რომ არ დაბადებულან, ისინიც კი გახდებიან. ამათგან დაქცეული ქვეყანა, ამათგან აღებული მილიარდიანი საგარეო ვალები იმ ჯერ არდაბადებულების გადასახდელი იქნება. იმისთვის, რომ დამთავრდეს ჟამიანობა, დაჩქარდეს რეჟიმის შეცვლა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხმა იმ პარლამენტში შეიძლება, გამოდგეს ერთ-ერთი გადამწყვეტი. ამისთვის მე მზად ვარ, პარტია მზადაა, გავაკეთოთ ყველაფერი და თავი არ დავზოგოთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ სამშაბათის პლენარულ სხდომაზე მივა. სწორედ მომავალ სასესიო კვირაში უნდა უყაროს პარლამენტმა კენჭი რამდენიმე დეპუტატისთვის, მათ შორის შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტას. საკითხზე უკვე იმსჯელა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და მიიჩნია, რომ ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს.