შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ 2008-2012 წლებში პარლამენტის სხდომებს არ ესწრებოდა, თუმცა დეპუტატის ხელფასს იღებდა, რადგან ეკუთვნოდა
დეპუტატად არჩეული ვიყავი და ხელფასი მეკუთვნოდა. დეპუტატობაზე არა, პარლამენტში შესვლაზე ვთქვი უარი, მაგრამ დეპუტატობის შეწყვეტაზე უარი გვითხრა პარლამენტმა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში 2008-2012 წლებში მის მიერ დეპუტატისთვის განკუთვნილი ხელფასის აღებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ღამის კურიერის“ წამყვანი დაინტერესდა, რატომ აიღო შალვა ნათელაშვილმა ოთხი წლის განმავლობაში ჯამში ხელფასის სახით 200 ათასი ლარი მაშინ, როდესაც თქვა, რომ ბოიკოტი გამოუცხადა სააკაშვილის გუნდს და პარლამენტში სხდომებს არ ესწრებოდა.
„არ უნდა ამეღო? დეპუტატი არ ვიყავი?“ – მიმართა წამყვანს კითხვის პასუხად ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, მან „უფასო განათლება და რამდენიმე მილიარდი ლარი აჩუქა ქვეყანას“.
„ჩვენ რომ დენის ტარიფი დავაგდეთ შვიდ თეთრამდე და 11 თეთრამდე თბილისში სამი წელი სამი მილიარდი ვაჩუქე და ხელფასს მითვლით? 30 წელი პოლიტიკაში ნამყოფ პიროვნებას უთვლიან რამდენი მოიპარა, ბიუჯეტიდან რამდენი წაიღო, რამდენი ჩუმი ბიზნესი გაიკეთა, რამდენი ქონება სხვის სახელზე გაიფორმა. დამითვალეთ კი ბატონო“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ამასთან, ნათელაშვილმა პარტიების დაფინანსების ახალ წესთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, პირველ 50 ათას ხმაზე პარტია საერთო ჯამში 750 ათასი ლარს მიიღებს.
კითხვაზე ამ თანხიდან გამომდინარე, კომფორტულია თუ არა ოპოზიციაში ყოფნა, შალვა ნათელაშვილი დასახელებულ თანხას დაცინვას უწოდებს.
„ყველა პოლიტიკური პარტია დედამიწის ზურგზე ფინანსედბა და ის თანხა, რაც ჩამომითვალეთ, ამხელა, უზარმაზარი პარტიისთვის არის დაცინვა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.