შალვა ბედოიძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიების ტაქტიკა სწორი იყო
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიების ტაქტიკა სწორი იყო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ბედოიძემ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო ღონისძიებები დასახული სტრატეგიისა და ტაქტიკის მიხედვით წარიმართა.
„პირველ რიგში, მინდა გიპასუხოთ, რომ ხორავას ეპიზოდთან დაკავშირებით შემჭიდროვებულ ვადებში, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ 35 დღე გვქონდა, ყველა მოქმედების ჩატარება შეუძლებელი იყო.
მკვლელობის ფაქტს რაც შეეხება, ყველა დეტალი ამოვწურეთ – სხვა დეტალებს ვგულისხმობ, იქ რამდენიმე ჩხუბის კერა იყო, სხვადასხვა ინციდენტი იყო. რომ არ ყოფილიყო რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა, ამ მიზნით აღნიშნული საქმიდან დაუდგენელი პირების საქმე გამოიყო, რომლის ფარგლებში დღესაც მიმდინარეობს გამოძიება ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ გამოძიების ტაქტიკა იყო სწორი, ამას ადასტურებს თუნდაც ის გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც გატარდა და ყველა მათგანი სასამართლოს მიერ კანონიერად იყო ცნობილი. ასევე, ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ დადგინდა და დავაკავეთ ის პირები, ვინც ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული – არასრულწლოვნების მკვლელობას ვგულისხმობ“, აღნიშნა ბედოიძემ.
მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის რევიზირებისას, ანუ შესწავლისას შესაძლებელია გაჩნდეს განსხვავებული აზრი გამოძიების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით.
„მიგვაჩნია, რომ სწორად იქნა წარმართული. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები ჩვენი სტრატეგიის და ტაქტიკის მიხედვით წარიმართა. როგორც გუშინ აღნიშნა გამომძიებელმა, იორდანიშვილთან შემთხვევის დღესვე მოხდა გასაუბრება. მივიღეთ მისგან ინფორმაცია, ბუნებრივია, გაგვიჩნდა ჩვენც კითხვები, ვინაიდან მისი მანქანა და თვითონაც იქ იმყოფებოდა. ველოდებოდით, რომ მისგან მეტი ინფორმაცია უნდა მიგვეღო.
როგორც თქვენ გიჩნდებათ კითხვები, ისე ჩვენ გვიჩნდებოდა. თქვენ ამ ადამიანს ექვსი თვის შემდეგ გაესაუბრეთ და იგივე პასუხები მიიღეთ, რაც გამოძიებას უთხრა, დამატებითი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. ჩვენ შევეცადეთ, გვემუშავა ოპერატიულად, რათა საქმესთან დაკავშირებით სრული ჭეშმარიტება გარკვეულიყო“, – განაცხადა ბედოიძემ.