სფერული ფორმის UFO ოკეანის სიღრმეში უჩინარდება — ინტერნეტში აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ გადაღებული ახალი ვიდეო ვრცელდება #1tvმეცნიერება
სფერული ფორმის UFO ოკეანის სიღრმეში უჩინარდება — ინტერნეტში აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ გადაღებული ახალი ვიდეო ვრცელდება #1tvმეცნიერება

გაურკვეველი მფრინავი ობიექტი (UFO) ჰაერში აქეთ-იქით მოძრაობს და შემდეგ ოკეანეში უჩინარდება; ეს სცენაა ასახული ახლახან ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელსაც UFO-ების შესახებ დოკუმენტურ ფილმებზე მომუშავე რეჟისორი ავრცელებს.

პენტაგონის პრესსპიკერი ადასტურებს, რომ ეს კადრები აშშ-ის საზღვაო ძალებმა გადაიღო, მაგრამ არ აკონკრეტებს, სად და როდის.

14 მაისს, ეს იდუმალი ობიექტი რეჟისორმა ჯერემი კორბელმა საკუთარ ვებგვერდზე აღწერა.

„2019 წელს, აშშ-ის საზღვაო ძალებმა ფოტო და ვიდეოკადრებზე აღბეჭდა „სფერული“ გაურკვეველი მფრინავი ობიექტები და მოწინავე ტრანსმედიუმ სატრანსპორტო საშუალებები — ხომალდები, რომლებსაც ჰაერსა და წყალში მოძრაობა შეუძლიათ“, — წერს კორბელი.

კორბელი ვიდეოს ინსტაგრამსა და იუთუბზეც აქვეყნებს.

ვიდეოში, რომელიც როგორც ჩანს მონიტორზეა გადაღებული, რამდენიმე რედაქტირებაა გაკეთებული და ჩანს მუქი, მრგვალი ლაქა ჰორიზონტს ზემოთ.

ისმის მამაკაცების ხმაც, რომელიც ობიექტის ჰორიზონტალურად მოძრაობისას გაოცებას ვერ მალავს.

შემდეგ სფერული ობიექტი წყალში ჩადის და უჩინარდება.

კორბელის განცხადებით, ვიდეო 2019 წლის 15 ივლისს არის გადაღებული, სან-დიეგოს სანაპიროს სიახლოვეს.

გაურკვეველი მფრინავი ობიექტის რადარული სურათები უჩვენებს დაახლოებით 2 მეტრი დიამეტრის მყარ ბურთს, რომელიც 74-254 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს. ფრენა საათზე მეტხანს გაგრძელდა და კულმინაციას მიაღწია, როდესაც სფერო ოკეანის ტალღების ქვეშ გაუჩინარდა. იმ ადგილას, სადაც ობიექტი ჩაეშვა, ჩაძირული ხომალდის ნაშთებს ვერ მიაგნეს.

„მის საძებნელად წყალქვეშა ნავი გამოიყენეს. არ ვიცით, რას იტყვის პენტაგონი ამ ინციდენტის შესახებ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ინციდენტი სამართლიანად არის იდუმალებით მოცული და ველოდებით რაიმე ინფორმაციას“, — წერს კორბელი ინსტაგარამზე.

გამოცემა Debrief-ის ცნობით, პენტაგონის პრესსპიკერმა სიუზენ გოფმა დაადასტურა, რომ კორბელის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მართლაც აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ არის გადაღებული.

გოფმა გამოცემას იმეილზე მისწერა, რომ ვიდეოს ამჟამად სწავლობს გაურკვეველ საჰაერო ფენომენთა სამუშაო ჯგუფი (UAPTF), საზღვაო დაზვერვის ოფისის პროგრამა, რომელიც აუხსნელ საჰაერო ხომალდთა შესახებ გავრცელებულ ცნობებს იძიებს.

თუმცა, გოფი კომენტარს არ აკეთებს სხვა რაიმე ისეთ დეტალზე, რომლებსაც კორბელი თავის პოსტში ახსენებს. ვიდეო ჯერ პენტაგონს ოფიციალურადაც არ გამოუქვეყნებია.

Live Science-ის ცნობით, გაურკვეველ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით მასალების გამოქვეყნებას პენტაგონი ივნისში გეგმავს.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.