აშშ-ის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი კონგრესში მიმდინარე მოსმენაზე აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ფლობს
აშშ-ის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი კონგრესში მიმდინარე მოსმენაზე აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ფლობს

აშშ-ის კონგრესში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ მოსმენა იმართება. სხდომაზე კონგრესმენების კითხვებზე საპასუხოდ, აშშ-ის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა, დევიდ გრაშმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ფლობს.

როგორც გრაშმა აღნიშნა, მის ხელთ არსებული მტკიცებულებები დაფუძნებულია 40 მოწმის ჩვენებებზე, რომლებიც მან გასული ოთხი წლის განმავლობაში შეაგროვა.

მისივე თქმით, აღნიშნული ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია აქვთ აშშ-ის გენერალურ ინსპექტორსა და დაზვერვის კომიტეტს.

სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ყოფილი მფრინავი რაიან გრეივსი, რომელმაც მოითხოვა მფრინავებისთვის დამატებითი დამცავი მექანიზმის შექმნა, რათა თავისუფლად შეძლონ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან კონტაქტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, ისე, რომ ამის შემდეგ უსამსახუროდ დარჩენა არ დაემუქროთ.

ამასთან, კონგრესმენების წინაშე წარდგა აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების ყოფილი მეთაური დევიდ ფრეივორი, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა ვითარებაში ჰქონდა კონტაქტი ამოუცნობ მფრინავ ობიექტთან. მისივე თქმით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც მისმა გუნდმა რადარზე „თეთრი წყალი“ აღმოაჩინა. მფრინავის მტკიცებით, მან ნახა „პატარა თეთრი ობიექტი, რომელიც წყალზე სწრაფად მოძრაობდა“.  დევიდ ფრეივორის განცხადებით, არსებობს აღნიშნული ინციდენტის ამსახველი ვიდეოც, თუმცა მომხდარზე გამოძიება არ ჩატარებულა.