„სფეის იქსის“ თანამგზავრული ინტერნეტის სერვისი სავარაუდოდ 2020 წელს დაიწყება
„სფეის იქსის“ თანამგზავრული ინტერნეტის სერვისი სავარაუდოდ 2020 წელს დაიწყება

ილონ მასკის კერძო კოსმოსური კომპანია „სფეის იქსი“, რომელიც განთქმულია მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებითა და გიგანტურ ხომალდ „სტარშიფით“, 2020 წლიდან მომხმარებლებს საკუთარ თანამგზავრულ ინტერნეტს შესთავაზებს. ამის შესახებ გამოცემა SpaceNews-ი იუწყება. ამასობაში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ამ სერვისს უკვე ტესტავს საკუთარ თვითმფრინავებში.

სერვისის გასამართად „სფეის იქსი“ კიდევ რვა რაკეტა „ფალკონ 9“-ს გაუშვებს, რომლებიც ორბიტაზე გაიტანენ კომპანიის „სტარლინკ“ თანამგზავრებს.

„სფეის იქსის“ პრეზიდენტის, გვენ შატუელის განცხადებით, ქსელის სრულყოფა მომავალი წლის შუა თვეებში დასრულდება. ამისათვის, 2019 წლის ბოლომდე კიდევ 24 გაშვება მოხდება.

„სტარლინკის“ მისიის ფარგლებში, პირველი „ფალკონ 9“ კომპანიამ 23 მაისს გაუშვა; რაკეტამ ორბიტაზე 60 თანამგზავრი გაიტანა. შემდეგი 60 თანამგზავრი ნოემბერში გაეშვება, საერთო ჯამში კი, პროექტი ორბიტაზე ათასობით თანამგზავრის გატანას ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ, „სფეის იქსის“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა „სტარლინკის“ სისტემის ინტერნეტის გამოყენებით „ტვიტერზე“ პირველად დაწერა — „დიახ, ის მუშაობს!

ტვიტის დასაწერად მასკმა საკუთარ სახლში განთავსებული „სტარლინკის“ ტერმინალი გამოიყენა. სერვისის ამოქმედების შემდეგ, მომხმარებლები მისით სარგებლობას და ქსელთან წვდომას „სფეის იქსის“ სპეციალური ყუთით შეძლებენ.

„ილონს სურს, რომ ყველაფერი უბადლო იყოს. შესაბამისად, ეს ყუთიც ულამაზესი იქნება“, — განაცხადა შატუელმა.

მასკის თქმით, უმცირესი ფართოხაზოვანი დაფარვისთვის „სფის იქსს“ ორბიტაზე სულ მცირე 400 თანამგზავრი სჭირდება, საშუალო დაფარვისთვის კი 800 თანამგზავრი. „სტარლინკის“ საწყის გეგმას მეგათანავარსკვლავედი ჰქვია და 12 000 თანამგზავრისგან შედგება. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირისგან კიდევ 30 000 თანამგზავრის გაშვების ნებართვა მიიღო. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი გაერო-ს სააგენტოა, რომელიც გლობალურ თანამგზავრულ რადიოსიხშირეთა სპექტრს მართავს.

თუმცა, გლობალური დაფარვისთვის „სფეის იქსს“ შეიძლება ამდენი თანამგზავრი სულაც არ დასჭირდეს, მაგრამ ზოგიერთ მათგანს კომპანია სხვადასხვა მიზნებისთვის, სპეციალურ მომხმარებელთათვის გამოიყენებს.

ერთ-ერთი ასეთი მომხმარებელი კი შეიძლება აშშ-ის შეიარაღებული ძალები იყოს.

„როიტერის“ ცნობით, პროექტ Global Lightning-ის ფარგლებში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები „სფეის იქსის“ „სტარლინკ“ ტექნოლოგიას უკვე ტესტავს ერთ სამხედრო საჰაერო ხომალდში. პროექტი „სფეის იქსსა“ და პენტაგონს შორის შარშან გაფორმებული 28 მილიონ დოლარიანი კონტრაქტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს დაშიფრული სამხედრო კომუნიკაციების ტესტირება ხომალდ C-12-ზე, „სტარლინკის“ ტერმინალების საშუალებით.

„სფეის იქსი“ ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც თანამგზავრული ინტერნეტის სერვისის დანერგვას გეგმავს. ასეთი სერვისების განხორციელებას აპირებენ ისეთი კომპანიებიც, როგორებიცაა „უანვები“, „ტელესატი“ და „ამაზონი“. თუმცა, არც ერთი მათგანი არ იქნება „სფეის იქსის“ პროექტის მასშტაბის.