სესხების განულებასთან დაკავშირებული ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება

სესხების განულებასთან დაკავშირებული ინიციატივის ფარგლებში, სპეციალური ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ვებგვერდზე დღეს ატვირთულ ბაზებში წარმოდგენილი იქნებიან სამი ბანკის მომხმარებლები: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“.

„დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით,  მიმდინარეობს 24 საათიანი მუშაობა. ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს ასევე ფონდი „ქართუ“, რომლის მხარდაჭერითაც აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება.

„აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე. ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, ვებგვერდზე ყოველდღიურად დაემატება მომხმარებელთა ბაზები, რომლებსაც სესხები გაუნულდებათ.

„ყოველ დღე დავამატებთ ამ ბაზებს  შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება „შავი სიიდან“. ჩვენი მოქალაქეების, ქართული ოჯახების დიდი ნაწილი ახალ წელს ამ ძალიან მტკივნეული პრობლემის გარეშე შეხვდება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია სიღარიბის დაძლევა. მთავრობის ინიციატივებიც სწორედ ამაზეა აგებული.

„როდესაც ვსაუბრობთ მსგავს ინიციატივებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ზოგადად, რა უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში. ამ ნაწილში ჩვენ, როგორც საქართველოს მთავრობას, გვმართებს მეტი აქტიურობა და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, თუ რა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი – ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ სიღარიბე, როგორც ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი ერისთვის, იქნეს დაძლეული. ჩვენი ინიციატივები აგებულია სწორედ იმაზე, რომ ამ მიზანს ერთობლივად მივაღწიოთ.

დარწმუნებული ვართ, აღნიშნული ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ვალის ტვირთს ჩვენს მოქალაქეებს და საშუალებას მისცემს, კვლავ ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.