სერგო თეთრაძის მეუღლე - ძალიან მტკივნეული იყო თითოეული დღე და ჩვენი ოჯახის მდგომარეობას ვერანაირი განაჩენი ვერ შეცვლის
სერგო თეთრაძე, მიუხედავად ბევრი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა, ღირსეულად წავიდა ამ ქვეყნიდან და არ აღიარა შეკერილი საქმე, – ამის შესახებ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლემ საქალაქო სასამართლოში, მისი მეუღლის წამების საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
„ექვსი წელი და შვიდი თვეა რაც ჩემი მეუღლე გამოასალმეს სიცოცხლეს. ძალიან მტკივნეული იყო თითოეული დღე და არანაირი განაჩენი არ შეცვლის მდგომარეობას და არ მოგვიშუშებს იარებს, რომელიც ოჯახს აქვს მიღებული. სერგო თეთრაძე, მიუხედავად ბევრი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა, ღირსეულად წავიდა ამ ქვეყნიდან და არ აღიარა შეკერილი საქმე, რომელიც იყო აბსურდული.
მიმაჩნია, რომ ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის განაჩენი, რომელიც მიესაჯა“,- განაცხადა ნანა თეთრაძის მეუღლემ.
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილიც და მას ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა.
სასამართლო განხილვები ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ სამი პირი – დავით ლონდარიძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის სექტემბერში დააკავეს. დაკავებიდან ერთ კვირაში თეთრაძე ციხეში გარდაიცვალა.