სერგო რატიანი უმრავლესობის წევრებს - თქვენ ფაქტობრივად ადვოკატირებას უწევთ შსს-სა და პროკურატურას
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვან გ.მ-ს მიმართ გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა.
როგორც რატიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, არასრულწლოვანი გ.მ. არის ადამიანი, რომელიც უშუალოდ შემხებლობაშია დავით სარალიძესთან და რომლის ტანსაცმელზეც სარალიძის სისხლია.
მისი თქმით, ის, ვინც დაჭრა გ.მ, ხედავდა ყველაფერს.
„შესაბამისად, ის, რომ გამოძიება არ დაინტერებულა და ხელი დააფარა ამ ფაქტს, ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, გამოძიება წავიდა არასწორი მიმართულებით. ეს რეკომენდაცია ეხება არა მხოლოდ იმ ფაქტს, რომ დაიწყოს გამოძიება გ.მ-ს დაჭრასთან დაკავშირებით, არამედ ეხება იმას, რომ შსს და პროკურატურა არასწორი მიმართულებით წავიდნენ. შესაბამისად, დღეს, როდესაც თქვენ ამ რეკომენდაციის წინააღმდეგნი ხართ, თქვენ უბრალოდ იმას კი არ ამბობთ, რომ გამოძიება დაწყებულია, დღეს თქვენ ხელს აფარებთ და ადვოკატირებას უწევთ ფაქტობრივად შსს-სა და პროკურატურას. ძალიან არ მინდა, რომ თქვენ იყოთ ასეთ ვითარებაში, ამიტომ დაფიქრდით, როდესაც იცავთ პროკურატურისა და შსს-ს ხაზს, რას აკეთებთ“, – მიმართა რატიანმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე შსს-ს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე და გაატაროს შესაბამისი ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებულ რეკომენდაციებს განიხილავს.