პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სერგი კაპანაძის ინიცირებულ რეკომენდაციებს განიხილავს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სერგი კაპანაძის ინიცირებულ რეკომენდაციებს განიხილავს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებულ რეკომენდაციებს განიხილავს. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

დღის წესრიგის მიხედვით, კომისიის წევრები თავდაპირველად შინაარსობრივად განიხილავენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ დააყენა.

გადაწყვეტილება 30 ივნისის კომისიის სხდომაზე მიიღეს, სადაც ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განხილვა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შინაარსობრივი მსჯელობა 2 ივლისისთვის გადადეს.

ასევე შესაძლოა, დღეს ამ რეკომენდაციებს კენჭი უყარონ.

აღნიშნული ორი რეკომენდაციის მიხედვით, გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებისას გ.მ.-ს დაჭრის საქმეზე ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს და ასევე ამავე რეკომენდაციით, სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მ.კ.- სთან დაკავშირებით.

რეკომენდაციების ავტორის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ეს წინადადებები საქმის მასალებიდან გამომდინარეობს.

კომისიის წევრ მმართველი გუნდის დეპუტატებს კი მიაჩნიათ, რომ ამ რეკომენდაციების დამტკიცება ჯერ ნაადრევია და წინასწარი დასკვნების გაკეთება არ უნდა მოხდეს, ვიდრე არ მოხდება მნიშვნელოვანი მოწმეების, მათ შორის, საქმის გამომძიებლების გამოკითხვა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე ასევე დაგეგმილია ზვიად კუპრავას და საქმის გამომძიებლების მოსმენა. მათ შორის დაგეგმილია შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, შალვა ბედოიძის, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუას და შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ირაკლი ფიფიას ოფიციალური ახსნა-განმარტების მოსმენა;

კომისიის სხდომა, ამ დროისთვის განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის მიხედვით 2 ივლისს, 3 ივლისს და 7 ივლისს ჩატარდება.