არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ზვიად კუპრავას გამოკითხავენ
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ზვიად კუპრავას გამოკითხავენ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია დღეს სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას გამოკითხვას.

დღესვე, დეპუტატებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ხორავას ქუჩის საქმის გამომძიებელს ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, შალვა ბედოიძეს მოუსმენს.

„საგამოძიებო კომისია გაესაუბრება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, დეტექტივების სამმართველოს უფროსს, ასევე საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამომძიებელს. ჩვენ დავსვამთ იმ კითხვებს, რომელიც აქვს საზოგადოებას და საგამოძიებო კომისიას, სწორედ სარალიძისდადუნაშვილის მკვლელობის ირგვლივ და ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. აგრეთვე ბატონი სარალიძის ინიციატივით ჩვენ მოვუსმენთ ზვიად კუპრავას და გავიგებთ, რა ინფორმაცია აქვს მას ამ საქმის გამოძიების ირგვლივ“, – კომისიის წევრმა ოთარ კახიძემ.

ზვიად კუპრავა საგამოძიებო კომისიის მუშაობას დადებით და გამჭვირვალე პროცესად აფასებს.

პირველი არხის შეკითხვაზე, რა ინფორმაციას მიაწოდებს საგამოძიებო კომისიას, კუპრავა არ აკონკრეტებს.

„საგამოძიებო კომისიას მივაწვდი ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც გამაჩნია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ვგულისხმობ იმას, რასაც ვამბობდით მთელი ექვსი თვის განმავლობაში. უბრალოდ პრობლემა იყო ის, რომ არ გვისმენდა არავინ, დღეს კი გვისმენს საგამოძიებო კომისია და შესაბამისად, კომისიას უსმენს და იქ არსებულ მდგომარეობას უსმენს მთელი ქვეყანა, რაც ცალსახად დადებითი პროცესია და მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება ამის შეფასება“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

კომისიის წევრი, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გამორიცხავს, რომ კუპრავასგან რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მიიღონ, რადგან, ოხანაშვილის თქმით, კუპრავა ოფიციალურად არ ყოფილა საქმეში ჩართული.

„ზვიად კუპრავას გამოკითხვის საკითხი დააყენეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა. მათ ჩათვალეს, რომ ეს ადამიანი არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი. ჩვენ ფაქტობრივად გამოვრიცხავთ, რომ მისგან რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ის ოფიციალურად არ ყოფილა საქმეში ჩართული. მას ოფიციალური სტატუსი საქმეში არ გააჩნია.

რაც შეეხება შეკითხვებს, შეკითხვები იქნება სწორედ იქიდან გამომდინარე, რა საქმიანობას ახორციელებდა ეს ადამიანი ამ საქმესთან მიმართებაში და რა ინფორმაცია მოიძია აღნიშნულ საქმეზე“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე, საგამოძიებო ჯგუფი არასამთავრობო სექტორისა და თავად კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის რეკომენდაციებსაც განიხილავს. კერძოდ, კაპანაძის ინიციატივაა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების, ხოლო მ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

კომისია დღეს 11:00 საათზე შეიკრიბება.