ანრი ოხანაშვილი - გამოვრიცხავთ, რომ ზვიად კუპრავასგან რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ, რადგან საქმეში ოფიციალურად ჩართული არ ყოფილა
ანრი ოხანაშვილი - გამოვრიცხავთ, რომ ზვიად კუპრავასგან რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ, რადგან საქმეში ოფიციალურად ჩართული არ ყოფილა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, უმრავლესობის დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, ხვალინდელ სხდომაზე ზვიად კუპრავას, ასევე შსს-ს წარმომადგენლებს მოუსმენენ.

როგორც ოხანაშვილმა პირველ არხს განუცხადა, კუპრავას სხდომაზე მიყვანა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, მათი მთავარი მიზანია, დაზარალებულის მიერ დასმული შეკითხვები და საზოგადოებაში არსებული კითხვები დასვან და მოითხოვონ პასუხები.

„მოვუსმენთ ზვიად კუპრავას, ასევე გამოვკითხავთ შსს-ს იმ წარმომადგენლებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს და ასევე იმ პირს, ვინც ხელმძღვანელობდა უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

ჩვენი მთავარი მიზანია, დაზარალებულის მიერ დასმული შეკითხვები და საზოგადოებაში არსებული კითხვები დავსვათ და მოვითხოვოთ პასუხი.

ვეცდებით ზაზა სარალიძის მხრიდან დასმული შეკითხვები გავაჟღეროთ, რომელიც შეეხება ფარდულის დემონტაჟს, დანის გაღუნვას, რატომ არ იყო მირზა სუბელიანი უფრო ადრე დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ მივიღეთ ჩვენ პასუხები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ფარდულის დემონტაჟი მოხდა ხორავას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების მხრიდან და შსს არ იყო ამის შესახებ ინფორმირებული, ის რომ დანა გაღუნული კი არ არის, თურმე მიკროსკოპულად ჩანს ამ დანის დეფორმაციის საკითხი და ვარგისია შემდგომი ექსპერტიზისთვის, ის რომ მირზა სუბელიანი დაკავებულია ფაქტია, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვექნება შეკითხვები როგორც ამ საკითხის ირგვლივ, ასევე ყველა იმ კრიტიკულ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოებაში გაიჟღერა იმისთვის, რომ საზოგადების მოლოდინი, ზაზა სარალიძის მოლოდინი და ინტერესები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

როგორც დეპუტატი ამბობს, ფაქტობრივად გამორიცხავს, რომ კუპრავასგან რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მიიღონ, რადგან, ოხანაშვილის თქმით, კუპრავა ოფიციალურად არ ყოფილა საქმეში ჩართული.

„ზვიად კუპრავას გამოკითხვის საკითხი დააყენეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა. მათ ჩათვალეს, რომ ეს ადამიანი არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი. ჩვენ ფაქტობრივად გამოვრიცხავთ, რომ მისგან რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ის ოფიციალურად არ ყოფილა საქმეში ჩართული. მას ოფიციალური სტატუსი საქმეში არ გააჩნია.

რაც შეეხება შეკითხვებს, შეკითხვები იქნება სწორედ იქიდან გამომდინარე, რა საქმიანობას ახორციელებდა ეს ადამიანი ამ საქმესთან მიმართებაში და რა ინფორმაცია მოიძია აღნიშნულ საქმეზე“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.