სერგო რატიანი - საგამოძიებო კომისიაზე საზოგადოება ხედავს, რამდენად არასწორად წარიმართა გამოძიება და რამდენი ფაქტი დაიფარა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საზოგადოება ხედავს, რამდენად არასწორად წარიმართა გამოძიება და რამდენი ფაქტი დაიფარა, – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაზე გააკეთა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული ორივე რეკომენდაცია გულისხმობდა, რომ დანაშაული გარკვეულწილად დაფარული იყო.
„ერთ შემთხვევაში, არ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მეორე შემთხვევაშიც ბრალი არ იყო წაყენებული. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ აქ იკვეთება მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა. კომისიის მუშაობა აჩვენებს, რომ მაღალჩინოსნებს, პროკურატურას, შსს-ს გამომძიებლებსა და პროკურორებს ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდათ და მათ მიმართ იკვეთება გარკვეული სახის პრობლემები“, – განაცხაადა რატიანმა.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობების საქმის გამოძიების პროცესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებული რეკომენდაციების მიხედვით, გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებისას გ.მ.-ს დაჭრის საქმეზე ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს და ასევე ამავე რეკომენდაციით, სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მ.კ.- სთან დაკავშირებით.