სერგო მეთოფიშვილი - ეკა ბესელიამ იღლიაში ამოიდო სასამართლოს თემა, ხოლო ანა დოლიძეს არც ერთი კანონპროექტი არ მოსწონს
ეკა ბესელიამ იღლიაში ამოიდო სასამართლოს თემა და ასე დაიწყო სასამართლოს ლანძღვა-გინება, – ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ეკა ბესელიას განცხადებებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.
სერგო მეთოფიშვილი ეკა ბესელიას ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს და მას იმ განცხადებებს ახსენებს, როდესაც ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სასამართლო სისტემის რეფორმას დადებითად აფასებდა.
„ეს არის მტკიცებულება, რომ ქალბატონი ბესელია ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს, როდესაც სასამართლოსთან მიმართებით არის საუბარი. დანარჩენ საკითხებში რას აკეთებს, არ ვიცი და არც მაინტერესებს. ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არ ერიდება ტყუილების თქმასაც. ჩვენ თუ გვატყუებს კიდევ არაუშავს, ცუდია, რომ ატყუებს საზოგადოებას, ყველაზე ცუდია, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც ატყუებს. ბესელიას ამ მტკიცებულების მიხედვით შეხვედრა ჰქონდა უცხოელ პარტნიორებთან. დეტალურად გააცნო სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის საქმიანობა. ნახეთ, რას ამბობს – „2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული და უდავოდ სახეზეა დადებითი შედეგები“. ანუ, საუბარია სასამართლოს დადებით შედეგებზე, რეფორმებზე, რომ სასამართლო წინ მიდის და რა კარგია ჩვენი სასამართლო. ეს არის 2018 წლის თებერვლის თვეში გაკეთებული განცხადება. მაშინ, რა მოხდა რამდენიმე თვეში?! ვფიქრობ, ეს უდავოდ ორმაგი სტანდარტია. მაშინ აწყობდა, ასე იყო, დღეს აწყობს, ასე შვრება. სინამდვილეში მას არ აინტერესებს სასამართლო სისტემა, არც რეფორმები, სასამართლოს პრობლემები. სინამდვილეში მას აინტერესებს პირადი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესი. მას პრობლემები შეექმნა თავის გუნდში. არ ვიცი, რა პრობლემებია და არც მაინტერესებს, მაგრამ აქედან ნათლად ჩანს, რომ ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი. ეს არის ხელოვნურად აგორებული თემა. იღლიაში ამოიდო სასამართლოს თემა და ასე დაიწყო სასამართლოს ლანძღვა-გინება“, – აღნიშნა სერგო მეთოფიშვილმა.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად მომზადებულ კანონპროექტებს, საბჭოს მოსამართლე წევრისთვის მისაღებია ის პროექტი, რომელიც კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
„რაც შეეხება კანონპროექტებს, როგორც ვიცი, ჩვენს ერთ-ერთ არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს არც ერთი არ მოსწონს და ეს საერთოდ „ნონსენსია“, რაც კომენტარის გარეშე უნდა დავტოვოთ. ჩემი აზრით, მძიმე შეთხვევაა, რომ არც ერთი პროექტი არ მოგწონს. მე ასე ვიტყოდი, რომ მთავარია, კანონპროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდეს. თუ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს პროექტი უნდა გადავდოთ, რომელიც არ ეწინააღმდეგება, ის პროექტინ უნდა გავიდეს. ჩემთვის მისაღებია ის კანონპროექტი, რომელიც შეთანხმებულია ჩვენს გუნდთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. ვთვლი, რომ ის არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.