სერგი კაპანაძე - ველოდებით, რომ ხელისუფლებასთან შეხვედრის მორიგი რაუნდი რამდენიმე დღეში გაიმართება
ყველა შემოთავაზება, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს, ეს იქნება ასი-ორმოცდაათზე თუ ბარიერის დაწევა, ჯამში ამას არაფერი აქვს საერთო პროპორციულ არჩევნებთან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის მორიგი რაუნდი მიმდინარე თვეს გაიმართება. შეხვედრის მიზანი კი, კვლავ, საარჩევნო სისტემის ცვლილება იქნება.
„ჩვენ ველოდებით, რომ შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართება რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე. ასეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან. ჩვენ მზად ვართ, ამ რაუნდშიც მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენი ამოცანა ამ მოლაპარაკებებში არის, რომ პროპორციულისკენ დაიძრას რეფორმა. ყველა შემოთავაზება, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს, ეს იქნება ასი-ორმოცდაათზე თუ ბარიერის დაწევა, ჯამში ამას არაფერი აქვს საერთო პროპორციულ არჩევნებთან. ჩვენი ამოცანაა, რომ მივიღოთ პროპორციული არჩევნები. თუ ივანიშვილის გუნდი ამაზე საბოლოდ ამბობს უარს, მაშინ მიიღებს შესაბამის რეაქციას, როგორც პოლიტიკური სპექტრისგან, ისე საზოგადოებისგან არჩევნებზე. ეს არის რეალურად მისი გადასაწყვეტი, მას უნდა, რომ ასეთ რისკზე წავიდეს და მერე ყველაფერი დაკარგოს, თუ კიდევ აქვთ საღი აზრი შერჩენილი, რომ რაღაც შეთანხმებაზე წამოვიდეს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია აპირებს, პარალელურად აქციებისა და პიკეტირებების გამართვას.
ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს მაქსიმალური დისკომფორტის შექმნას ხელისუფლებისთვის, აქციების, პიკეტირებების და მათ შორის, მასშტაბური აქციებით. ეს იქნება ჩვენი გზა, ვიდრე არ იქნება არჩევნები დანიშნული. ჯამში ჩვენი ასეთი აქტივობა ხელისუფლებას პოლიტიკურად სიცოცხლეს მოუმთავრებს. სავარაუდოდ იანვრის ბოლომდე გვექნება აქციები რეგიონებში და თებერვლის დასაწყისში, როცა საპარლამენტო სესია განახლდება, განვაახლებთ ახალი პოლიტიკური პროტესტის მწვავე სეზონს უკვე თბილისში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უკვე გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი.