სერგი კაპანაძე - ვასაძისა და მისი მიმდევრების განცხადებებზე გამოძიების დაწყება არ კმარა, უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო, რომ ძალადობის ქადაგება დაუსჯელი არ დარჩეს
ვასაძისა და მისი მიმდევრების მხრიდან გუშინ პირდაპირ ფაშისტური იდეოლოგიის ქადაგება ვნახეთ, გამოძიების დაწყება არ კმარა, უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო, რომ ძალადობის ქადაგება დაუსჯელი არ დარჩეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
„ვასაძის და მისი მიმდევრების მხრიდან გუშინ პირდაპირ ფაშისტური იდეოლოგიის ქადაგება ვნახეთ. ჯერ რაღაც ჯგუფის იდენტიფიცირება და თქმა, რომ ეს ჯგუფი მათ არ მოსწონთ და ეს ჯგუფი ცოდვილია, შემდეგ ჯგუფების შექმნა და თქმა, რომ ამ ცოდვილებს სადმე თუ ნახავენ, გაუსწორდებიან და მათზე იძალადებენ. ასევე იმის დაანონსება, პოლიციას წინააღმდეგობას როგორ გაუწევენ. ეს პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა და ამაზე საჭიროა უმკაცრესი რეაგირება.
მარტო გამოძიების დაწყება კი არა, უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო, რომ ასეთი თავხედური, ფაშისტური იდეოლოგიის და ძალადობის ქადაგება დაუსჯელი არც ახლა და არც მომავალში არ დარჩეს. მთელი უბედურება ის არის, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რათა ის ადამიანები არ დაესაჯა, ვინც ძალადობდნენ და მათ 100 ლარიანი გირაოებით უშვებდა და პირიქით, ძალადობას ქადაგებდა. ამ „შემწყნარებლურმა“ დამოკიდებულებამ აქამდე მოგვიყვანა“,- განაცხადა კაპანაძემ.
ამასთან, როგორც კაპანაძე აცხადებს, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას.
„უდავოა, რომ ამას უფრო ფართო და შორსმიმავალი პოლიტიკური დღის წესრიგი გააჩნია. ისიც უდავოა, რომ ამ ყველაფრის ზურგს უკან ჩვენი მტერი ქვეყანა, რუსეთი დგას, რომელიც მის სამეზობლოში, უკლებლივ ყველა ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრს ზუსტად მსგავსი გზავნილებით და პროპაგანდით მანიპულირებს. როგორც ჩანს, ახლაც საქართველოში ეს მორიგი პროექტი ლევან ვასაძის სახით გააქტიურდა. თუ ეს კიდევ უფრო შორს წავა და ძალადობა იქნება, ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ენიჭება წარსულში მათი უმოქმედობის და ცუდი მოქმედების გამო“,- განაცხადა კაპანაძემ.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.
ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.