სერგი კაპანაძე - უზენაესი სასამართლოს წევრობის კანიდიდატები არიან მიხეილ ჩინჩალაძის კლანი, რომლებიც ძველ დროში სასამართლოში პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ
უზენაესი სასამართლოს წევრობის კანიდიდატები არიან მიხეილ ჩინჩალაძის კლანი, რომლებიც სასამართლოში პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიის შედგენაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შემაშფოთებელია.
„ვნახეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იუსტიციის საბჭომ. ყველანაირი პროცედურის და გამჭვირვალობის გარეშე ისე, რომ არც მე და არც თქვენ არ ვიცით, რით ხელმძღვანელობდნენ. ეს ნამდვილად შემაშფოთებელია, მაგრამ ამაზე მეტად შემაშფოთებელია შინაარსი – ის ადამიანები, რომლებიც არიან წარდგენილი. ეს არის პირდაპირ ჩინჩალაძის კლანი. ადამიანები, რომლებიც ძველ დროში მართლაც სასამართლოში პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ. ის, რასაც ისინი წარმატებით აკეთებდნენ, ახლა „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა და მას ასრულებინებს პოლიტიკურ დავალებებს. ამიტომ აქ მხოლოდ პროცედურებზე არაა საუბარი, პრობლემატურია შინაარსი, რომ ამ ადამიანებს შეიძლება ხელში ჩაუვარდეთ სასამართლო სისტემა მათი ცხოვრების ბოლომდე. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ საუბარია არა მხოლოდ პოლიტიკურ კონტროლზე, არამედ კორუფციაზეც, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ამ ადამიანებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, პროცედურები უნდა იყოს არა დაჩქარებული, არამედ ღია და გამჭვირვალე.
„ მე სრულიად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ პროცედურები უნდა იყოს არა დაჩქარებული, არამედ მაქსიმალურად გამჭვირვალე, მაქსიმალური დისკუსია უნდა იყოს ამ თემაზე და მაქვს იმედი, რომ ეს მაქსიმალურად გამჭირვალე დისკუსია იქნება არა მხოლოდ სამუშაო ჯგუფის ან იურიდიული კომიტეტის ფარგლებში, არამედ პლენარულ სხდომაზეც, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია, რომელ მოსამართლეებზეა საუბარი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გაასაჯაროვა, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. კანდიდატების დასახელების ვადის გადაწევას ითხოვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლეწევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი შეფასებით, საბჭოს დღევანდელი სხდომა სასამართლოში კლანური მმართველობის შენარჩუნების მცდელობაა.