ნაზი ჯანეზაშვილი - არ მინდა, ჩემი შვილის თაობა  25 წლის შემდეგაც იმავე სასამართლო სისტემას ებრძოლოს
ნაზი ჯანეზაშვილი - არ მინდა, ჩემი შვილის თაობა  25 წლის შემდეგაც იმავე სასამართლო სისტემას ებრძოლოს

არ მინდა ჩემი შვილი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდეს, სადაც 25 წლის შემდეგაც მის თაობას მოუწევს, ებრძოლოს ჩინჩალაძის კლანს, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს დღის წესრიგში გაწერილ საკითხს, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენას ეხება.

ნაზი ჯანეზაშვილი სხდომაზე ორი თვის შვილთან ერთად მივიდა და საბჭოს მოუწოდა, არ დაასახელოს დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურები და პროცესი წარმართოს ღიად და გამჭვირვალედ.

„მე დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოვედი ბავშვთან ერთად იმის გამო, რომ ვფიქრობ, როდესაც ის გაიზრდება, სასამართლო სისტემა სამწუხაროდ, ისევ იქნება ჩინჩალაძის კლანის ხელში. რადგან ჩვენ ვიცით, რომ გვრიტიშვილები, ნადარაიები და სხვები არიან დანიშნულები 65 წლის ასაკამდე და ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩემი შვილი გახდება 25 წლის, იქნება იგივე სასამართლო სისტემა. დღეს არის დღის წესრიგში შეტანილი საკითხი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევას. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია,  ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე და ნამდვილად არ მინდა, ჩემი შვილი ცხოვრობდეს იმ ქვეყანაში, სადაც 25 წლის შემდეგაც, მის თაობას მოუწევს,  ჩინჩალაძის კლანს ებრძოლოს“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოს სხდომის დღის წესრიგი საიტზე გვიან აიტვირთა და მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს ინიციატორი აღნიშნული საკითხის სხდომაზე გატანისას.

„საკითხი არის დღის წესრიგში შეტანილი, ეს იკითხება იმგვარად, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები როგორც ჩანს, აპირებენ, დაასახელონ კანდიდატურა. მიმაჩნია, რომ აუცილებელია სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული. მოვუწოდებ, არ დაასახელონ კანდიდატურები დღეს, რადგან არ შეიძლება, მომავალი მოვუსპოთ ადამიანებს ამ ქვეყანაში”,-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ იმსჯელებენ. ჯერ უცნობია, რას გულისხმობს აღნიშნული საკითხი – კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას თუ შერჩევის წესს.