იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ იმსჯელებენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ იმსჯელებენ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ იმსჯელებენ. საკითხი დღის წესრიგში მერვე საკითხად არის შეტანილი. მომხსენებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძეა.

ჯერ უცნობია, რას გულისხმობს აღნიშნული საკითხი – კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას თუ შერჩევის წესს.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ ინიცირებულ საკითხზე იმსჯელებს, რომელიც ითვალისწინებს გასაუბრების თარიღის განსაზღვრას იმ მოსამართლეთათვის, რომლებიც გამწესებულნი არიან სამი წლის გამოსაცდელი ვადით და რომლებსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება აქვთ. დაახლოებით ერთი წელია, 50-მდე მოსამართლეს მიმართული აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გასაუბრების მოთხოვნით, თუმცა გასაუბრება არ შემდგარა. აღნიშნულ მოსამართლეთა ნაწილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში, ნაწილს კი უახლოეს მომავალში ეწურება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სულ 12 საკითხზე იმსჯელებს. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.