სერგი კაპანაძე - უნდა შესრულდეს საგამოძიებო კომისიის ის რეკომენდაციებიც, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამყალბებლებს ეხება
უნდა შესრულდეს საგამოძიებო კომისიის ის რეკომენდაციებიც, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამყალბებლებს ეხება, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი იყო.
მისი თქმით, მიხეილ კალანდიას დაკავება ის მთავარი რეკომენდაცია იყო, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შარშან გამოსცა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ნაბიჯს არ დგამდა და პროკურატურას მისთვის ბრალი წაყენებული არ ჰქონდა. კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე, მალე, იმ მასალების ანალიზის საფუძველზე, რომელიც ჩვენს ხელთ იყო, შუალედური რეკომენდაცია გავეცით, რომ კალანდიას ბრალი უნდა წაყენებოდა. დღეს ეს მოხდა და იმედი მაქვს, ეს საქმე საბოლოოდ ბოლომდე მიყვანილი იქნება და მართლმსაჯულება შედგება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, სამართლიანობა ბოლომდე რომ იყოს დაკმაყოფილებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენი რეკომენდაციებიც, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსცა შესრულებული იყოს, განსაკუთრებით, ის რეკომენდაციები, რომელიც იმ ადამიანების პასუხისმგებლობას ეხება, რომლებიც ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის სისტემაში მუშაობდნენ.
„ამ ადამიანებმა ეს საქმე თავის დროზე გაამრუდეს და გააყალბეს. ამდენი ხანი არ გაგრძელდებოდა სამართლის ძიება, თავის დროზე რომ არ მომხდარიყო ეს მძიმე არასამართლებრივი ჩარევა საქმის გამოძიებისა და მიმდინარეობის პროცესში. 10-მდე პირი გვყავს იდენტიფიცირებული, რომლებიც ამ საქმის გაყალბებაში მონაწილეობდნენ, მირზა სუბელიანით დაწყებული, სხვა თანამშრომლებით დასრულებული. თუ მათი არამართლზომიერი ქმედებები დადგინდება, ისინიც პასუხისგებაშიც მიეცნენ.
აქამდე ჩვენ ვხედავდით, როგორ არ ჰქონდა პოლიტიკური ნება სახელმწიფოს, რომ ეს ადამიანები დასჯილი ყოფილიყვნენ. ახლა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ნაბიჯების გადადგმა საზოგადოების დიდი წნეხის და ზაზა სარალიძის ქმედებების შედეგად დაიწყო“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.