სერგი კაპანაძე - საქართველოს მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდების საბაბი რუსეთს საქართველოს ხელისუფლებამ მისცა
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რუსეთს 2006 წელს, დეპორტაციის გამო, საქართველოს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდების საბაბი საქართველოს ხელისუფლებამ მისცა.
როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, კონკრეტული შეცდომები დაუშვა მაშინ თეა წულუკიანმა პირადად, რომელმაც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
„სტრასბურგის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა რამდენიმე წლის წინ, როდესაც რუსეთი დაავალდებულა, რომ გადაეხადა კომპენსაციები იმ ადამიანებისთვის, ვისი დეპორტირებაც მოახდინა უკანონოდ რუსეთის ფედერაციიდან. გვახსოვს, ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი, რომელსაც ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა და ბევრი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა დეპორტაციის დროს. საბაბი, რომელსაც ახლა რუსეთი იყენებს, რომ არ არის დაზუსტებული სია იმ ადამიანების, ვისთვისაც კომპენსაცია უნდა იყოს გაღებული, მისცა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ასე არის, რადგან თავის დროზე არ დაზუსტდა სიები და ახლა ამას იყენებს საბაბად, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში დაუშვა მძიმე შეცდომა, ეს არ ამართლებს რუსეთს, რადგან მას აქვს კონკრეტული ვალდებულება. მან ეს უნდა შეასრულოს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
რუსული გამოცემა „ვედომოსტის“ ინფორმაციით, რუსეთმა გამონახა გზა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო საქართველოს არ გადაუხადოს. გამოცემის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ „სერიოზული პრობლემები“ შეექმნათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების დროს, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დეპორტაციისთვის, საქართველოს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა. 2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ. კომიტეტმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთისათვის დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდა არის უპირობო ვალდებულება და შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებისა, მოპასუხე სახელმწიფოს ამ დრომდე არ გადაუხდია დაკისრებული თანხა.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები 2020 წლის მარტში ჩანიშნა.