საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები 2020 წლის მარტში ჩანიშნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები 2020 წლის მარტში ჩანიშნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პასუხობს რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსეთმა გამონახა გზა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო საქართველოს არ გადაუხადოს.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე, 2020 წლის მარტში ჩანიშნა.

„2019 წლის 3-5 დეკემბერს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა. 2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთისათვის დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდა არის უპირობო ვალდებულება და შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებისა, მოპასუხე სახელმწიფოს ამ დრომდე არ გადაუხდია დაკისრებული თანხა. ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა გამოხატა წუხილი იმის თაობაზე, რომ რუსეთის დელეგაცია ცდილობს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის თანმიმდევრობა, რაც უპირველესად გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ კომპენსაციის გადახდას.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე, 2020 წლის მარტში ჩანიშნა“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

რუსული გამოცემა „ვედომოსტისინფორმაციით, რუსეთმა გამონახა გზა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო საქართველოს არ გადაუხადოს. გამოცემის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ „სერიოზული პრობლემები“ შეექმნათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების დროს, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დეპორტაციისთვის, საქართველოს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.