რუსეთი ეძებს გზებს, საქართველოს 10 მილიონი ევრო არ გადაუხადოს, სტრასბურგი კი უპირობო გადახდას ითხოვს
რუსეთი ეძებს გზებს, საქართველოს 10 მილიონი ევრო არ გადაუხადოს, სტრასბურგი კი უპირობო გადახდას ითხოვს

რუსეთმა გამონახა გზა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო საქართველოს არ გადაუხადოს, – ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ წერს.

​გამოცემის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ „სერიოზული პრობლემები“ შეექმნათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების დროს, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დეპორტაციისთვის, საქართველოს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

ვედომოსტის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წელს იქნა მიღებული.

„შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით, უნდა შეექმნა მექანიზმები კომპენსაციის განსაზღვრისა და განაწილებისთვის. თუმცა, ამ დრომდე, ეს არ გაკეთებულა, – აღნიშნულია რუსეთის მიერ მომზადებულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში აღნიშნულია, რომ სასამართლო აუცილებლობის შემთხვევაში, დაზარალებულ მხარეს სამართლიან კომპენსაციას ანიჭებს“, – ნათქვამია რუსულ დოკუმენტში.

„თუმცა, საფუძველი კომპენსაციის მინიჭებისთვის, სახელმწიფოთაშორისი საჩივრით პრინციპში, გათვალისწინებული არ არის – ის შესაძლოა, მიიღონ მხოლოდ ცალკეულმა განმცხადებლებმა, რომლებიც აღიარებული არიან მსხვერპლად. ამ შემთხვევაში, ხელისუფლება მხოლოდ ოპერატორის ფუნქციას ასრულებს“,- აღნიშნავს გამოცემა.

როგორც რუსულ გამოცემაშია ნათქვამი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაავალდებულა საქართველოს ხელისუფლება, შეადგინოს დაზარალებულთა საბოლოო სია, დააზუსტოს, თუ ვინ რომელი დარღვევის შედეგად დაზარალდა და რა სახის კომპენსაცია ეკუთვნის. ეს კი უნდა განხორციელდეს სასამართლო განხილვისას წარმოდგენილი საერთო სიიდან (მასში 1797 სავარაუდო მსხვერპლია), სულ მცირე 290 მოქალაქის გამორიცხვით, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ აღიარებული დაზარალებულად სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. საბოლოო სია, როგორც სასამართლომ მიუთითა, უნდა შეიცავდეს, „არანაკლებ 1500 საქართველოს მოქალაქეს“.

როგორც „ვედომოსტი“ წერს, მხოლოდ ამის შემდეგ, სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია ამ დარღვევებზე, შეძლებს გადაუხადოს კომპენსაცია დაზარალებულ მხარეს.

რუსეთში შიშობენ, რომ სხვა შემთხვევაში, კომპენსაციას მიიღებს ის ხალხიც, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს დაზარალებულად, ამ თანხის დაბრუნება კი, შეუძლებელი იქნება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობს დაზარალებულთა სიის შედგენას”, – აღნიშნულია რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გამოცემა წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მათ მიერ გაგზავნილ მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია.

„ადრე, მსგავსი მექანიზმი იქნა გამოყენებული კონსტიტიციური სასამართლოს მიერ, რომელმაც ნება დართო რუსეთს, არ გადაეხადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, 1.866 მილიარდი დოლარის ოდენობით დაკისრებული კომპენსაცია „იუკოსის“ ყოფილი აქციონერების მიმართ. თუმცა, მაშინ დაზუსტდა, რომ ხელისუფლებას შეეძლო ნებაყოფლობით გადაეხადა აქციონერებისთვის, რომლებიც მენეჯერების ქმედებისგან დაზარალდნენ „იუკოსის“ახლად გამოვლენილი ქონების ხარჯზე.

ჟურნალ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ბიულეტენის“ მთავარი რედაქტორის, იური ბერესტნევის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლება კიდევ უფრო ჭკვიანურად იქცევა, რამდენადაც, საუბარია არა კომპენსაციაზე უარზე, არამედ დიალოგზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება.

„ეს ნორმალური და გასაგები პოლიტიკური თამაშია, რომლითაც მინისტრთა კომიტეტში ყველა ქვეყანა თამაშობს და რომელიც არავისგან იწვევს შეშფოთებას. თუმცა, ეს ასევე სერიოზული ქვაა სასამართლოს ბოსტანში, რომელმაც დიდი რაოდენობით საქმეების გამო, ვერ შეძლო დაემუშავებინა გადაწყვეტილების ტექნიკური ნაწილი“, – აღნიშნავს იური ბერესტნევი.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა. 2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთისათვის დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდა არის უპირობო ვალდებულება და შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებისა, მოპასუხე სახელმწიფოს ამ დრომდე არ გადაუხდია დაკისრებული თანხა.

ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა გამოხატა წუხილი იმის თაობაზე, რომ რუსეთის დელეგაცია ცდილობს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის თანმიმდევრობა, რაც უპირველესად გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ კომპენსაციის გადახდას.

დატოვე კომენტარი