სერგი კაპანაძე – საქართველოს მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდების საბაბი რუსეთს საქართველოს ხელისუფლებამ მისცა
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რუსეთს 2006 წელს, დეპორტაციის გამო, საქართველოს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდების საბაბი საქართველოს ხელისუფლებამ მისცა.
როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, კონკრეტული შეცდომები დაუშვა მაშინ თეა წულუკიანმა პირადად, რომელმაც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
„სტრასბურგის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა რამდენიმე წლის წინ, როდესაც რუსეთი დაავალდებულა, რომ გადაეხადა კომპენსაციები იმ ადამიანებისთვის, ვისი დეპორტირებაც მოახდინა უკანონოდ რუსეთის ფედერაციიდან. გვახსოვს, ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი, რომელსაც ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა და ბევრი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა დეპორტაციის დროს. საბაბი, რომელსაც ახლა რუსეთი იყენებს, რომ არ არის დაზუსტებული სია იმ ადამიანების, ვისთვისაც კომპენსაცია უნდა იყოს გაღებული, მისცა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ასე არის, რადგან თავის დროზე არ დაზუსტდა სიები და ახლა ამას იყენებს საბაბად, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში დაუშვა მძიმე შეცდომა, ეს არ ამართლებს რუსეთს, რადგან მას აქვს კონკრეტული ვალდებულება. მან ეს უნდა შეასრულოს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.