სერგი კაპანაძე - საგამოძიებო კომისიაზე ექსპერტების მიმართ კითხვები მკვლელობისას გამოყენებული ცივი იარაღების რაოდენობასაც შეეხება 
სერგი კაპანაძე - საგამოძიებო კომისიაზე ექსპერტების მიმართ კითხვები მკვლელობისას გამოყენებული ცივი იარაღების რაოდენობასაც შეეხება 

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს უსმენენ.

როგორც სხდომის დაწყებამდე კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, კითხვები ხორავას ქუჩაზე მოკლულთა ჭრილობებზე, ასევე დანებთან დაკავშირებითაც იქნება.

„დღეს დროებითი საგამოძიებო კომისია სამხარაულის ექსპერტებს მოუსმენს, რომლებმაც ამ გამოძიების ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზა ჩაატარეს, როგორც კონკრეტულად ცხედრებთან, ისე დანებსა და სხვა ბიოლოგიურ მასალებზე. ჩვენ მათი მოსმენა გვაინტერესებს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში მათი დამოკიდებულება გავიგოთ და მათ მიერ დადებული დასკვნების შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღოთ. კომისიის წევრებს ბუნებრივია, კითხვები ექნებათ, მათ შორის, სავარაუდოდ, კითხვები გამოყენებული ცივი იარაღების რაოდენობასთან და ჭრილობების მიმართულებასთან დაკავშირებით იქნება“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, პასუხების მიღების შემდეგ, ინფორმაციის გაანალიზებისთვის გარკვეული დრო იქნება საჭირო, რათა შესაბამისი დასკვნები გაკეთდეს.

ამასთან, როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, კომისია დამოუკიდებელ ექსპერტებსაც შეხვდება.