სერგი კაპანაძე - პარლამენტში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელიც მუხთარლის საქმეს შეისწავლის
პარლამენტში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეისწავლის მუხთარლის საქმეს და დადებს დამოუკიდებელ დასკვნას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ აზერბაიჯანელი ჟურნალიტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აფგან მუხთარლის საქმე დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და უფრო დიდ ზიანს აყენებს ის კომენტარები, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ისმის.
სერგი კაპანაძის განცხადებით, ეს არის სრულიად სამარცხვინო შეფასებები.
„მოვითხოვთ, უახლოეს სესიაზე იყოს განხილული აფგან მუხთარლის საქმეზე კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა, რადგან ეს საქმე დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და უფრო დიდ ზიანს აყენებს ის კომენტარები რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გვესმის. ეს არის სრულიად სამარცხვინო შეფასებები. ადამიანი ჯერ მოიტაცეს და გადასცეს სხვა ქვეყანას და ახლა მთავრობის წარმომადგენლები მუხთარლის უტევენ. ეს არის ძალიან სამარცხვინო. ამიტომ სწორი გამოსავალი არის პარლამენტში შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საქმეს და დადებს დამოუკიდებელ დასკვნას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.