სერგი კაპანაძე - ოკუპირებულ აფხაზეთში მომზადებული „ხიშბა-სიგუას სია“ უაზრო ნაბიჯი და უაზრო გადაწყვეტილებაა
სერგი კაპანაძე - ოკუპირებულ აფხაზეთში მომზადებული „ხიშბა-სიგუას სია“ უაზრო ნაბიჯი და უაზრო გადაწყვეტილებაა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის სერგი კაპანაძის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირის მიერ მომზადებულ „ხიშბა-სიგუას“ სიას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური შედეგი არ მოჰყვება.

როგორც ჟურნალისტებს კაპანაძემ განუცხადა, აღნიშნულ სიას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე არანაირი ეფექტი და გავლენა არ ექნება, ვინც უნდა იყოს სიაში მოხვედრილი.

„მას ასევე არც იურიდიული ლეგიტიმაცია ექნება და არც არანაირი შინაარსი აქვს. ჩემი აზრით, უაზრო ნაბიჯი და უაზრო გადაწყვეტილებაა, ეს მათი უფლებაა, თუმცა ამას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური შედეგი არ მოჰყვება. რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და რთულად ეკიდება იმ ადამიანებს, ეს იქნებიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მოქმედი პოლიტიკოსები, რომლებიც მათი აზრით შემჩნეულნი არიან რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ.

ამ სიით არაფერი შეემატება და არ მოაკლდება არც ამ ადამიანებს და არც საქართველოს. სერიოზული კომენტირება და გამოხატულება არაადეკვატურია. ეს ვიღაცის რაღაც შიდა თამაშია და სერიოზულ კომენტირებას არ საჭიროებს“, – განაცხადა კაპანაძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე ფაქტო პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ, 26-კაციანი სია შესთავაზა, რომელსაც „ხიშბა-სიგუას სია“ უწოდა. 26-კაციან სიაში შეყვანილი არიან: ბაჩო ახალაია, სოსო ახალაია, ირაკლი ბათიაშვილი, სლავა ბიგვავა, ავთანდილ ბულისკერია, რობერტ გამისონია, ზაზა გოგავა, ბეჟან გოლანძია, ირაკლი ოქრუაშვილი, ზაზა კაკულია, მეგის ქარდავა, გია ყარყარაშვილი, დავით კეზერაშვილი, თენგიზ კიტოვანი, მამუკა ყურაშვილი, იუსუპ ლაკაევი, ვანო მერაბიშვილი, დავიდ იორაშვილი, ემზარ ფონიავა, მიხეილ სააკაშვილი, ალიკა სამუშია, ბესიკ თოფურია, ომარ ხარჩილავა, მანუჩარ ჩანგელია, რომან შამათავა, დავით შენგელია.