ირაკლი სესიაშვილი - ოკუპირებულ აფხაზეთში მომზადებული „ხიშბა-სიგუას სია“ ჰაერში გასროლილი სიტყვებია
ირაკლი სესიაშვილი - ოკუპირებულ აფხაზეთში მომზადებული „ხიშბა-სიგუას სია“ ჰაერში გასროლილი სიტყვებია

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირის მიერ მომზადებული „ხიშბა-სიგუას სია“ ჰაერში გასროლილი სიტყვებია და მას არანაირი ძალა არ ექნება. როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, რასაც საქართველოს ხელისუფლება დააფიქსირებს, საერთაშორისო საზოგადოების მიერ სწორედ ის იქნება მხარდაჭერილი და იურიდიული ძალაც მას ექნება.

„აფხაზეთის გარკვეული წარმომადგენლების კონტრაქცია ჰაერში გასროლილი სიტყვებია და მას არანაირი ძალა არ აქვს. ეს მხოლოდ მათი კონტრაქცია იყო. სანამ აფხაზეთი ოკუპირებული იქნება, სამწუხაროდ, აფხაზი ხალხის პოზიციები დაკარგულია და მას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება. ჩვენთვის სიის შინაარსი მეორეხარისხოვანია ისევე, როგორც ის, მოხდება თუ არა მისი დამტკიცება ე.წ. პარლამენტში“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე ფაქტო პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ, 26-კაციანი სია შესთავაზა, რომელსაც „ხიშბა-სიგუას სია“ უწოდა. 26-კაციან სიაში შეყვანილი არიან: ბაჩო ახალაია, სოსო ახალაია, ირაკლი ბათიაშვილი, სლავა ბიგვავა, ავთანდილ ბულისკერია, რობერტ გამისონია, ზაზა გოგავა, ბეჟან გოლანძია, ირაკლი ოქრუაშვილი, ზაზა კაკულია, მეგის ქარდავა, გია ყარყარაშვილი, დავით კეზერაშვილი, თენგიზ კიტოვანი, მამუკა ყურაშვილი, იუსუპ ლაკაევი, ვანო მერაბიშვილი, დავიდ იორაშვილი, ემზარ ფონიავა, მიხეილ სააკაშვილი, ალიკა სამუშია, ბესიკ თოფურია, ომარ ხარჩილავა, მანუჩარ ჩანგელია, რომან შამათავა, დავით შენგელია.