რომან გოცირიძე - ოკუპირებულ აფხაზეთში მომზადებულ „ხიშბა-სიგუას სიას“ არანაირი დატვირთვა არ ექნება
რომან გოცირიძე - ოკუპირებულ აფხაზეთში მომზადებულ „ხიშბა-სიგუას სიას“ არანაირი დატვირთვა არ ექნება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირის მიერ მომზადებულ „ხიშბა-სიგუას სიას“ არანაირი დატვირთვა არ ექნება

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, არავინ იცის, რა არის „ვეტერანთა კავშირი“.

„ბუნებრივია, რუსეთის აგენტურა იქნება, რომელსაც რაღაცის გამოქვეყნება დაავალეს. მათი ჭკუით, ამ სიაში მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი ხელისუფლების წარმომადგენელები უნდა იყვნენ მოხსენიებული და არა შევარდნაძე და სხვა ვინმე. მათ მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი სია სასაცილოა, სიას პოლიტიკური ძალა უნდა ჰქონდეს და სამართლებრივად გამართული უნდა იყოს.

ჩვენი სია პარლამენტის მიერ შექმნილი დოკუმენტია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა აქვს და, რომელსაც მომავალში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზემოქმედება ექნება. თუნდაც, ეს სია ე.წ. პარლამენტმა მიიღოს, მერე რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს – არაფერი, მხოლოდ საქართველოში არსებულ რუსეთის აგენტურას გაახარებენ“, – დასძინა გოცირიძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე ფაქტო პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ, 26-კაციანი სია შესთავაზა, რომელსაც „ხიშბა-სიგუას სია“ უწოდა. 26-კაციან სიაში შეყვანილი არიან: ბაჩო ახალაია, სოსო ახალაია, ირაკლი ბათიაშვილი, სლავა ბიგვავა, ავთანდილ ბულისკერია, რობერტ გამისონია, ზაზა გოგავა, ბეჟან გოლანძია, ირაკლი ოქრუაშვილი, ზაზა კაკულია, მეგის ქარდავა, გია ყარყარაშვილი, დავით კეზერაშვილი, თენგიზ კიტოვანი, მამუკა ყურაშვილი, იუსუპ ლაკაევი, ვანო მერაბიშვილი, დავიდ იორაშვილი, ემზარ ფონიავა, მიხეილ სააკაშვილი, ალიკა სამუშია, ბესიკ თოფურია, ომარ ხარჩილავა, მანუჩარ ჩანგელია, რომან შამათავა, დავით შენგელია.